სოფელ დუისში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს
ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის მცხოვრებლები სპეცოპერაციის დროს დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებას ითხოვენ.
ამ მოთხოვნით, ახალგაზრდების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია სოფელ დუისის პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართეს. ისინი მიიჩნევენ, რომ მათი შვილები, უდანაშაულო არიან და ისინი გამოიყენეს.
მათი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვიდეო მტკიცებულება გამოაქვეყნა, სადაც 5 ახალგაზრდა ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოში გაერთიანებისა და სირიაში გადასვლაზე საუბრობენ.
ახალგაზრდას ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო მათ დაკავებას მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების დროს, ხეობიდან ხმების წასაღებად გამოიყენებს.
“ჩვენი შვილები არ არიან დამნაშავეები. დღესაც დადის სუს-ი და დაკითხვაზე დაჰყავთ ახალგაზრდები. ხან ახალგაზრდებს გვიკლავენ, ხან იჭერენ. მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, დაგვეხმარონ. ვიდეო, რაც გამოაქვეყნა სუს-მა, არასწორად არის ნათარგმნი და სულ სხვა თემაზე ლაპარაკობენ იქ. არ გავჩერდებით, არ არის გამორიცხული შიმშილობა დავიწყოთ”, – ამბობენ აქციის მონაწილეები.
ცნობისთვის, სუს-მა პანკისის ხეობის სამ სოფელში სპეცოპერაცია რამდენიმე კვირის წინ ჩაატარა. შედეგად დააკავეს 5 პირი, მათ ტერორიზმის ხელშეწყობა ედებათ ბრალად. დაკავების შემდეგ, სუს-მა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით პანკისში დაკავებულ 5 პირთან დაკავშირებით ვიდეო-აუდიო მასალა გაასაჯაროვა. უახლოესი სასამართლო პროცესი ოქტომბრის თვეშია ჩანიშნული.