საქსტატი- ზეთი და ცხიმი 44%-ით გაძვირდა
2021 წლის აგვისტოს ინფლაციის ანგარიში დღეს საქსტატმა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, წლიური ინფლაცია ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა და 12.8%-ს შეადგენს.
აგვისტოს მონაცემებით, წლიურ ჭრილში ფასები მკვეთრად არის გაზრდილი ყველა ძირითად სამომხმარებლო ჯგუფზე, მათ შორის სურსათზე 16.2%-ით; ტრანსპორტზე 22.5%-ით; ჯანდაცვაზე კი 10.9%-ით.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2 %-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.09 % პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (43.9 %), ბოსტნეული და ბაღჩეული (42.2 %), რძე, ყველი და კვერცხი (17.3 %), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.9 %), პური და პურპროდუქტები (13.0 %), თევზეული (11.9 %), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (11.5 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (8.3 %), ყავა, ჩაი და კაკაო (6.8 %), ხილი და ყურძენი (5.4 %).