ახალი ამბები

1 დეკემბრიდან ბაზარზე მხოლოდ ახალი რეგულაციით ნაწარმოები გაზზე მომუშავე ტექნიკა გაიყიდება

მთავრობამ აირად საწვავზე მომუშავე ტექნიკის რეალიზაციით დაკავებულ ბიზნეს-სუბიექტებს უკვე მეორედ გადაუვადა რეგულაცია, რომელიც მათ მხოლოდ ახალი წესებით ნაწარმოები ტექნიკის ბაზარზე განთავსებას ავალდებულებთ.

„აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი ჯერ 1 ივლისიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა კერძო სექტორის აქტიურობის შემდეგ მთავრობამ მისი ამოქმედება სექტემბრამდე გადაავადა. როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, ახალ რეგლამენტზე გადასაწყობად, მათ ვადა კიდევ ერთხელ, 1 დეკემბრამდე გაუხანგრძლივდათ.

ეს იმას ნიშნავს, რომ მწარმოებელ კომპანიებს, რომლებიც ქართულ ბაზარს წყლის გამაცხელებლებს, გათბობის ქვაბებს, გაზქურებს და სხვა აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობებს აწვდიან, 1 დეკემბრიდან აღნიშნულ ტექნიკაზე გარკვეული ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და მისი რეგლამენტთან შესაბამისობის შეფასება მოუწევთ. თუ ტექნიკა ამ პროცედურას გაივლის, მწარმოებელი ვალდებულია, შესაბამისობის დეკლარაცია შეადგინოს. ასევე, მწარმოებელი ვალდებულია, მოწყობილობა დაპროექტებული და წარმოებული იყოს რეგლამენტით გათვალისწინებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად. მსგავსი ვალდებულება რეგლამენტის პირვანდელ ვერსიაში ვრცელდებოდა როგორც ტექნიკაზე, ისე საამწყობრო ნაწილებზე, თუმცა კერძო სექტორისა და შესაბამისი უწყების კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება საამწყობრო ნაწილებზე აღარ გავრცელდება.

“თერმო ცენტრის” იურისტის, სოფო მექანარიშვილის განმარტებით, კიდევ ერთი, რა დათმობაზეც მთავრობა წავიდა, ძველი რეგლამენტის შესაბამისად ნაწარმოები ტექნიკის რეალიზაციას ეხება. თუ რეგლამენტის ძალაში შესვლის შემდეგ ბიზნესს ნაშთზე არსებული ტექნიკის რეალიზაციის უფლება არ ჰქონდა, კორექტირებული რეგლამენტის მიხედვით, კომპანიები 1 დეკემბრის შემდეგად, ანუ როცა რეგლამენტი შევა ძალაში, მათ ამ პერიოდამდე შემოტანილი პროდუქციის გაყიდვის უფლება ექნებათ. 1 დეკემბრის შემდეგ შემოტანილი ტექნიკა კი მხოლოდ ახალი რეგლამენტის შესაბამისად უნდა იყოს განთავსებული ბაზარზე.

რა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული ახალი რეგლამენტის მოთხოვნების შესრულება მწარმოებელი კომპანიების მხრიდან, ჯერ უცნობია. როგორც სოფო მექანარიშვილი ამბობს, ჯერ კიდევ ზუსტდება გარკვეული დეტალები და გრძელდება კონსულტაციები როგორც მომწოდებელ საერთაშორისო კომპანიებთან, ისე ზედამხედველობის სააგენტოსთან.