სოფელ ომალოში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თუშეთში, სოფელ ომალოში პოლიციის ახალი შენობა გახსნა.
ომალოს პოლიციის შენობის მშენებლობა საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში განხორციელდა. მინისტრის თქმით, შენობა სრულად შეესაბამება მაღალმთიანი რეგიონის პირობებს და აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
,,თუშეთში, ამ დრომდე სოფელ ომალოში პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადგილობრივი დანაყოფის შენობა არ არსებობდა. ტურისტულ სეზონზე, საჭიროების შემთხვევაში, მაშველების გამოძახება ახმეტის მუნიციპალიტეტში განთავსებული დანაყოფიდან ხდებოდა.
ახალ შენობაში პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმუშავებენ.
სამუშაო სივრცის გარდა, ომალოს პოლიციის შენობაში განთავსებულია დასაკითხი, ამოსაცნობი, იარაღის შესანახი და ნივთმტკიცების საცავი ოთახები. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის”,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.