ახალი ამბები

,,ქართული ოცნებიდან” ახმეტის მერობის კანდიდატი ალექსი ფიცხელაური იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, კახეთის 4 მუნიციპალიტეტში ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატები წარადგინა.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ლაგოდეხში ჯონდო მდივნიშვილი იყრის კენჭს, ყვარელში – გივი ზაუტაშვილი, ახმეტაში – ალექსი ფიცხელაური, თელავში კი ლევან ანდრიაშვილი.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიბის კანდიდატის, ალექსი ფიცხელაურის თქმით, ახმეტას აქვს სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის, ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი, რასაც ხელს უწყობს ჩვენი 400-ზე მეტი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ამ ყველაფრის განვითარებას ეტაპობრივად დასჭირდება ხელშეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტებით.

„მე დავიბადე და გავიზარდე ახმეტაში, თქვენ წინაშე გამოსვლა ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, მით უმეტეს, რომ დღეს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მაქვს პატივი, წარდგენილი ვიყო ახმეტის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად. ამისთვის, მინდა მადლობა გადავუხადო, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერებს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს და საშუალება მომცეს, თქვენი მხარდაჭერით ჩემს ახმეტას და ახმეტელებს ვემსახურო.

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ახორციელებს მრავალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს პრობლემები, რომელთაც დროული გადაჭრა ესაჭიროება. ჩვენს მუნიციპალიტეტს აქვს დიდი პოტენციალი სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში. ასევე ტურიზმის, ეს იქნება აგროტურიზმი, გასტროტურიზმი, ეკოტურიზმი თუ ღვინის ტურიზმი, რასაც ხელს უწყობს ჩვენი 400-ზე მეტი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. თუშეთი თუ ტბათანა, ილტოს თუ პანკისის ხეობები. ასევე, ფშავ-ხევსურული, თუშური და ქისტური სამზარეულო. ამ ყველაფრის განვითარებას ეტაპობრივად დასჭირდება ხელშეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტებით, რის განსახორციელებლადაც გვექნება ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა“, – განაცხადა ალექსი ფიცხელაურმა.

მერობის კანდიდატმა საკრებულოში „ქართული ოცნების“ კანდიდატები წარადგინა.

„მინდა, წარმოგიდგინოთ ჩვენი გუნდი საკრებულოში. წარმოგიდგენთ კახა მამულაშვილს, ზეზვა უძილაურს, დავით ავაზაშვილს, ზეზვა ფიცხელაურს, ბესო კაიშვილს, გიორგი მამუჩარაშვილს, რევაზ გახუაშვილს, ელდარ ბაღაკაშვილს, თამაზ ალხანაშვილს და ასევე, სერგო მელწაიძეს, რომელიც საპატიო მიზეზის გამო ჩვენს გვერდით არ არის დღეს, მაგრამ ხვალიდან შემოგვიერთდება“, – განაცხადა ალექსი ფიცხელაურმა.