რა ეღირება წელს ყურძენი- რა შედეგებს მოიტანს რთვლის სუბსიდირება
მთავრობა რთველს წელსაც დაასუბსიდირებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ უკვე დავიწყეთ რთველისთვის სამზადისი. ბოლო წლებში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად გაშენდა ახალი ვენახები. ბოლო 8 წელიწადში დაახლოებით 6400 ჰექტარი ახალი ვენახი. ეს არის ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი. შედარებისთვის, 2012 წელს როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში მაშინ ღვინის კომპანიების რაოდენობა შეადგენდა 39-ს, ხოლო 2020 წელს 350 ღვინის კომპანიაა – ამაში შედის მარნები, მსხვილი, საშუალო და წვრილი ღვინის კომპანიები. შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ თუ კახეთის რეგიონისთვის მეღვინეობიდან შემოსავალი 2012 წელს იყო 35 მილიონი ლარი, 2020 წელს აღნიშნული შემოსავალი 323 მილიონამდე გაიზარდა, მხოლოდ ყურძნისგან. ეს არის რეალურად შედეგი, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ და განსხვავებას ძალიან კარგად ხედავს მოსახლეობა საკუთარ ჯიბეზეც.
რაც შეეხება გადამუშავებულ ყურძენს, 2012 წელს გადამუშავდა 52 200 ტონა ყურძენი, ხოლო 2020 წელს – 283 ათასი ტონა, ამხელა სხვაობა, ამხელა პროგრესი გვაქვს ამ დარგში. კიდევ ვიმეორებ ეს არის ჩვენ მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგი, რომელსაც ჩვენ ახლა ვიმკით და რეალურად ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება. ამის მიუხედავად, ჩვენ კარგად გვესმის, რომ წელს ქვეყანაში ყურძნის ჭარბ მოსავალს ველოდებით დაახლოებით, 300 ათას ტონას ველოდებით წელს. ჩვენი ინფორმაციით, აშკარა არის, რომ ღვინის კომპანიების მხრიდან თეთრ ყურძენზე მოთხოვნა დაიკლებს იმიტომ, რომ ჭარბი მოსავალი აქვთ, წინა წლებშიც ჰქონდათ და ამიტომ, შეიძლება გაუჭირდეთ დაბინავება, რეალიზაცია. სწორედ ამ ყველაფრის, ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის გათვალისწინებით, პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წელსაც ჩვენ მოვახდინოთ რთველის სუბსიდირება – ერთი კილოგრამი „რქაწითელი“ ეღირება არანაკლებ 90 თეთრი – აქედან, სახელმწიფოსგან დამატებით მიიღებენ კომპანიები 35 თეთრს, ანუ მოსახლეობა მიიღებს რეალურად ამ დანამატს და ჯამში, მინიმუმ 90 თეთრი იქნება კილოგრამი ყურძნის ფასი“, – განაცხადა პრემიერმა.
2021 წლის ბიუჯეტში კორექტირებები შევა, რის შედეგადაც მთავრობის მთლიანი ხარჯები 1.1 მილიარდი ლარით გაიზრდება. მათ შორის 177 მილიონი ლარით გაიზრდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, 100 მილიონი ლარით იზრდება რთველის სახელმწიფო დაფინანსება და ამ პროგრამის მოცულობა რეკორდულ 138.4 მილიონ ლარს მიაღწევს. შესაბამისად, წინასაარჩევნოდ კახელი და რაჭველი მევენახეები მნიშვნელოვანი მოცულობის საბიუჯეტო დახმარებას მიიღებენ.
მთავრობა უკვე წლებია რთველის სუბსიდირების პროგრამას აფინანსებს. სუბსიდირების პირობების თანახმად, მთავრობა მის საკუთრებაში არსებულ ღვინის ქარხნებს (“აკურას” და “მოსავლის მართვის კომპანიას”) ყურძნის შესყიდვას ავალებს და პროცესს სახელმწიფო სუბსიდიით აფინანსებს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ღვინის ქარხნები შემდგომ ამ ყურძენს გადაამუშავებენ და მისგან სპირტს და ღვინო-მასალას აწარმოებენ, რაც შემდგომში აუქციონების გზით იყიდება და მას საკუთარ პროდუქციაში ღვინის და კონიაკის კერძო მწარმოებლები იყენებენ. მთავრობის განცხადებით, სუბსიდიის არსებული მოდელი საჭიროა, რათა ბაზარზე “ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს”.