ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი ლაშა ბექაურს საჩუქრად ბინას გადასცემს

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი ქართველ ძიუდოისტსა და ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს, რომელიც ამავე უნივერსიტეტის სტუდენტიცაა, საჩუქრად ბინას გადასცემს.
ინფორმაცია ამის შესახებ უნივერსიტეტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

“სეუ-ს რექტორის, ბატონი გია კავთელიშვილის გადაწყვეტილებით, SEU-ს სტუდენტს და ახლა უკვე ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს საჩუქრად გადასცემს სეუ დეველოპმენტის დასრულებულ კომპლექსში საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას) ქუჩაზე, 100 კვადრატული მეტრი [ფართობის] ბინას”, — წერია უნივერსიტეტის განცხადებაში.

28 ივლისს 21 წლის ლაშა ბექაური პირველი სპორტსმენი გახდა, რომელმაც საქართველოს ნაკრებს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოუპოვა. ბექაური, რომელიც კაცების 90კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, ნახევარფინალში რუსი მეტოქის დამარცხების შემდეგ, ფინალში გერმანელ ედუარდ ტრიპელს შეხვდა და ასპარეზობა ტრიუმფით დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ივლისში მიღებული გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარსაც მიიღებს.