თელავის რეფერალურ საავადმყოფოში საწოლფონდი გადავსებულია
თელავის რეფერალურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.
საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის თქმით, კოვიდკლინიკაში გამოყოფილი 25 საწოლი შევსებულია. მისივე თქმით, მდგომარეობა რთულია, თუმცა მართვადი.
“ჩვენს კლინიკაში 25 საწოლია გამოყოფილი ინფიცირებულებისათვის, რომელებიც ამ დროისთვის მთლიანად შევსებულია. ასევე ცხელების ლოკაციებიც შესაბამისად სავსეა და მომართვიანობის მაჩვენებელი არის საგრძნობლად გაზრდილი. სამწუხაროდ, ინფიცირებულების რაოდენობა საგრძნობლად იზრდება”,- განუცხადა knews.ge-ს ხათუნა ჭონიაშვილმა.
მისივე თქმით, ინფიცირებულების რიცხვის ზრდის პარალელურად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება.
“ვაქცინაციაზე მოთხოვნა საგრძნობლად არის გაზრდილი, სწორედ აქედან გამომდინარე დავამატეთ მეორე კაბინეტი სადაც მოსახლეობის ვაქცინაცია ხდება. ვაქცინის გამორჩევა მოსახლეობის მხრიდან არ ხდება, რადგან, თითქმის ყველა ტიპის ვაქცინაზე ერთნაირად არის მოთხოვნა”,- განაცხადა ჭონიაშვილმა.