დედოფლისწაროელმა სპორტსმენმა რუსი მეტოქე დაამარცხა და ოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში მცხოვრები ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა.
ნახევარფინალში ლაშა ბექაურმა 90 კგ წონით კატეგორიაში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი, მიხაილ იგოლნიკოვი ვაზარით დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
ბექაური ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო. პირველ შეხვედრაში მან პოლონელ პიოტრ კუჩერას ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი ბრძოლა შებოჭვით დაასრულა.
მეორე ბრძოლაში ქართველი ძიუდოისტი ისრაელის წარმომადგენელთან, ლი კოხმანთან ვაზარით აგებდა, თუმცა ჩამორჩენა ვაზარით და ავასატე-იპონით აღმოფხვრა და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე დავლათ ბობონოვი იყო. 21 წლის ქართველმა უზბეკ ძიუდოისტს ჰანსოკუ-მაკეთი სძლია.
ძიუდოისტი ლაშა ბექაური სოფელ არხილოსკალოში 2000 წელს დაიბადა. ის საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობს საქართველოს სახელით. მის ბოლო გამარჯვებებს შორის არის 2021 წლის ევროპის ჩემპიონის ტიტული. ასევე, პირველი ადგილი 2019 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 90 კგ წონით კატეგორიაში და ასევე პირველი ადგილი 2019 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 90 კგ წონით კატეგორიაში. აღსანიშნავია, რომ ლაშა ბექაური ძიუდოში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული 2018 წელსაც გახდა, ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში.