ახალი ამბები

სექტემბრიდან ადგილობრივ ბაზარზე დედოფლისწყაროში წარმოებული თევზის კონსერვი გამოჩნდება

ადგილობრივ ბაზარზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში წარმოებული თევზის კონსერვი გამოჩნდება.

პროდუქციის წარმოებას კომპანია „ჯეონატურალსი“ სექტემბრიდან „სადილის“ ბრენდით დაიწყებს.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის წარმომადგენელი და სადისტრიბუციო კომპანია „სადილის“ გაყიდვების დირექტორი გიორგი ყაჭიური ამბობს, ხუთი დასახელების თევზის კონსერვის ფასი – სკუმბრია ზეთსა და ტომატის სოუსში, შპროტი ორი ზომის შეფუთვით, ქაფშია ტომატის სოუსში, დაახლოებით 3 ლარიდან 7 ლარამდე იქნება.

2016 წლიდან ამოქმედებულმა კომპანია „ჯეონატურალსმა“ დედოფლისწყაროში საწარმოს ამოქმედებასა და განვითარებაში 3 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო. შედეგად „სადილის“ 12-მდე დასახელების პროდუქტი დღეს უკვე ადგილობრივი ბაზრის გარდა, ექსპორტზეც გადის.

საწარმოში სადაც 45 ადამიანი მუშაობს, დღიურად 15 000 ქილა მზა საკვების კონსერვი მზადდება, ხოლო სადისტრიბუციო კომპანია „სადილი“, რომელიც „სადილის“ კონსერვებით მთელ საქართველოს ამარაგებს, 22 სამუშაო ადგილს ქმნის.