ახალი ამბები

მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება 30 ივლისს გამოცხადდება

ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე, მოსამართლე კობა ჩაგუნავა, გადაწყვეტილებას 30 ივლისს გამოაცხადებს.

საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს შედგა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის განმარტებით, მოსამართლემ ჩათვალა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად, ერთკვირიანი ვადაა საჭირო.

“ასე გადაწყვიტა მოსამართლემ, რომ დროა საჭირო გადაწყვეტილებისათვის. დღევანდელ პროცესს რაც შეეხება, კობა ჩაგუნავა სრულად იყო ჩართული, სვამდა კითხვებს და ჩემი შეფასებით, საქმე უნდა შეწყვიტოს, თუმცა დაველოდოთ გადაწყვეტილებას“- განაცხადა ჩუთლაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი 6 ივლისს, თბილისში, რუსთაველზე მიმდინარე, მშვიდობიანი აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

7 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ ის დარბაზიდან გაათავისუფლა და საქმის განხილვა 23 ივლისისათვის ჩანიშნა.

მაჩალიკაშვილს ადმინისტრაციულ გადაცდომას, კერძოდ, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას, წვრილმან ხულიგნობას და ცივი იარაღის ტარებას ედავებიან.

თავად მაჩალიკაშვილი ამ ფორმულირებას არ ეთანხმება და თვლის, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია.