ახალი ამბები

ქვის დამუშავების 28 წლის ხელოვანი სოფელ რუისპირიდან

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მცხოვრები 28 წლის ახალგაზრდა სოსო პაპუნაშვილი ქვის და აგურის დამუშავების ოსტატია. მისი ნამუშევრები კახეთში სხვადასხვა დაწესებულებას ამშვენებს.

ახალგაზრდა შენობებს ძველი ქართული სტილით და არქიტექტურით აშენებს, რაც ყველა მნახველის მოწონებას იმსახურებს. როგორც თავად ამბობს, მისი ხელობით დაინტერესება ბავშვობიდან დაიწყო.

სოსო პაპუნაშვილის თქმით, მისი მამაც ხელოსანია და აღნიშნული საქმით არის დაკავებული, სწორედ ამან განაპირობა მისი ამ საქმით დაინტერესება.

,,ვარ 28 წლის, ვცხოვრობ სოფელ რუისპირში, მყავს მეუღლე და 3 შვილი. ჩემი ამ ხელობით დაინტერესება გამოიწვია იმან, რომ მამაჩემი არის ხელოსანი და ყოველთვის მაინტერესებდა ეს საქმე.

ძალიან მომწონდა ძველი ქართული შენობა ნაგებობები და მსურდა მეც მემუშავა ამ მიმართულებით. მინდოდა გამეცოცხლებინა ძველი შენობები ქართული არქიტექტურით”,- განუცხადა knews.ge-ს სოსო პაპუნაშვილმა.

ახალგაზრდას თქმით, აღნიშნული საქმიანობით აქტიურად მაშინ დაინტერესდა, როცა ქვეყანაში ტურიზმმა განვითარება დაიწყო და გაიზარდა ინტერესი მარნების და სასტუმროების მშენებლობის.

,,სურვილის ასრულებაში ხელი შემიწყო იმან, რომ ქვეყანაში განვითარდა ტურიზმი და მოთხოვნადი გახდა ძველი ქართული ტრადიციული წესით და არქიტექტურით ნაგები შენობები. ესენია ღვინის მარნები და სასტუმროები. ამ ეტაპზეც ვმუშაობ ღვინის მარნის მოპირკეთებაზე”,- აღნიშნა სოსო პაპუნაშვილმა.

მისი განმარტებით, ნამუშევრის დიზაინს რაც შეეხება თავად ირჩევს დამკვეთთან შეთანხმებით და მისი სურვილის გათვალისწინებით.

ახალგაზრდა ასევე აღნიშნავს, რომ გარდა პირადი კონტაქტებისა, მას აქვს ფეისბუქ გვერდიც, რომელსაც აქტიურად ამუშავებს და შეკვეთებსაც მისი მეშვეობით იღებს.

,,ძირითადად ჩემი რჩევით და დამკვეთის სურვილის გათვალისწინებით ხდება სასურველი დიზაინის მიღება. გარდა ამისა, მაქვს ჩემი ფეისბუქ გვერდი ,,მოპირკეთება ქვა აგურით” და აქტიურად ვდებ ჩემი ნამუშევრების ფოტოებს, რომელიც დიდ მოწონებას იმსახურებს.

ეს მეხმარება ჩემი ნამუშევრები ფართო საზოგადოებას გავაცნო”,- განაცხადა Knews.ge-სთან საუბრისას სოსო პაპუნაშვილმა.

ახალგაზრდა ასევე აღნიშნავს, რომ პანდემიამ და ლარის კურსის ცვლილებამ მის საქმიანობაზეც მოახდინა გავლენა, თუმცა ის მაინც ცდილობს მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას და უძველესი ქართული არქიტექტურით ნაგები შენობების აშენებას და ძველი შენობების გალამაზებას.