ახალი ამბები

გურჯაანსა და ლაგოდეხში სიმინდის ყანებს მავნებელი მწერი ანადგურებს

გურჯაანის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში სიმინდის ყანებს მავნებელი ანადგურებს. ადგილობრივების თქმით, ასობით ჰექტარ სიმინდის ყანას საშიში მავნებელი ,,ხვატარი” შეესია.

კახეთში სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსის, ვასილ გერმანიშვილის ინფორმაციით, მავნებელმა მოსავლის გარკვეული რაოდენობა გაანადგურა.

“ყველა ჩავერთეთ ამ პროცესში. მუნიციპლიტეტებმა დაადგინეს, რა ფართობზე იყო გავრცელებული, გავეცით რეკომენდაციები და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, საკუთარი ტექნიკითა და სახსრებით სიმინდის ნარგავები ქიმიური საშუალებებით დაამუშავა. ,,ხვატარი” საშიში მავნებელია, მოსავლის გარკვეული რაოდენობა შეჭამა, თუმცა დამუშავების შემდეგ, მცენარე ზრდა- განვითარებას აგრძელებს”- განაცხადა გერმანიშვილმა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მავნებელი 10 ათას, ხოლო გურჯაანში 147 ჰექტარზე გავრცელდა.

პეპელა ,,ხვატარი” სასოფლო-სამეურნეო კულტურის საშიში მავნებელია. ის ძირითადად, თავთავიან კულტურებს, მათ შორის სიმინდისა და თამბაქოს აზიანებს. საქართველოში ,,ხვატარი” წელიწადში 2-3 თაობას იძლევა.