საწვავის ფასი კრიტიკულ ზღვარს – 3 ლარს მიუახლოვდა
ნავთობიმპორტიორები ამბობენ, რომ დღეს საქართველოში საწვავის ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმზეა და აქამდე ნავთობპროდუქტებზე ფასი ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა.
აღსანისნავია, რომ ბენზინგასამართი სადგურების ტაბლოებზე საწვავის ღირებულება დიდი ხანია უკვე გასცდა 3 ლარიან ნიშნულს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა გაერთიანების ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, სავარაუდოდ საწვავზე ფასის ზრდა ისევ მოუწევთ.
“საწვავის ფასთან დაკავშირებით საკმაოდ რთული ვითარებაა. მიმდინარე ეტაპზე ფიქსირდება რეკორდულად, ისტორიულად ყველაზე მაღალი ფასები. კერძოდ, სამლარიან ნიშნულს არცერთი კატეგორიის პროდუქტი არ გადაცდენილა. ჩვენ ვხედავთ, რომ “პრემიუმი”, “სუპერი” დიდი ხანია გადასცდა ამ ნიშნულს და “რეგულარი” თითქმის 3 ლარის ზღვართან არის მისული.
ვითარება არის საკმაოდ რთული. იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო ფასები პლატცის მიხედვით ბოლო პერიოდში არის მუდმივად მზარდი, შეიძლება ითქვას რომ ეს ბოლო წლებში ყველაზე მაღალი ფასებია. ბენზინზე საერთაშორისო ფასი პლატცის მიხედვით, ტონაზე 70-80 დოლარით არის მომატებული მხოლოდ ერთ თვეში.
ერთადერთი პოზიტიური ისაა, რომ ლარი მყარდება, რადგან ფაქტობრივად მან დააკომპენსირა გაზრდილი საერთაშორისო ფასი. მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ დააკომპენსირა, რადგან ვხედავთ, რომ საშუალოდ 5-10 თეთრით ფასი გაიზარდა. მოლოდინებიც ვერ იქნება ოპტიმისტური, რადგან საერთაშორისო ფასი არის მზარდი და გარდა ამისა ზოგადად ზაფხულის პერიოდში საერთაშორისო ფასები ზრდის ტენდენციით ხასიათდება. არის ასევე ლოჯისტიკის საკითხები, გარკვეული ტიპის პროდუქციის მოწოდება შეზღუდულია რუმინეთიდან, თურქმენეთიდან. ალბათ რთული იქნება კომპანიებისთვის სტაბილურობის შენარჩუნება. სამწუხაროდ, მოუწევთ რიგ ოპერატორებს ფასების მატება“, – აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.
ახლა ბიზნესი ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად გამოსავალს მცურავი აქციზის შემოღებაში ხედავს, რა დროსაც აქციზის განაკვეთის არა ფიქსირება, არამედ ზღვრული ოდენობით შემოღება ხდება. ეს იმისთვის, რომ საერთაშორისო ბაზრის ტენდენციების გავლენით საწვავის ფასის დაჭერა მოხერხდეს.

