“რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა” ტრადიციული ქართული ლუდის წარმოებას იწყებს
“რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა” ლუდის წარმოებას იწყებს.
მეურნეობის დამფუძნებელი, გიორგი ალადაშვილი აცხადებს, რომ მომხმარებლისთვის პროდუქტი უახლოეს პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი. მისი თქმით, საწარმო, სადაც ლუდის დამზადება მოხდება თითქმის დასრულებულია. მეურნეობა ლუდს სრულად მათ მიერ მოყვანილი ნედლეულისგან დაამზადებს.
„საწარმო აშენებულია მეურნეობის ტერიტორიაზე. ლუდის და შუშხუნა ღვინის წარმოების პროცესს უახლოეს პერიოდში დავიწყებთ. პროდუქცია „რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა“ ბრენდის ქვეშ გამოვა. ეს იქნება ტრადიციული ქართული ლუდი, რომელსაც ჩვენი ქერისგან და ხორბლისგან დავამზადებთ, ამისთვის საწარმოში განვახორციელეთ 200 000 ლარის ინვესტიცია,“ – ამბობს გიორგი ალადაშვილი.
მისი თქმით, ,,რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის” აგროტურისტული ობიექტიც და იქ არსებული საოჯახო აპარტამენტები სრულად დატვირთულია. ამ ეტაპზე მეურნეობას 18 სტუმრის მიღება შეუძლია, თუმცა იგეგმება მესამე აპარტამენტის დამატებაც, რაც მეურნეობას ჯამურად 25 სტუმრის მიღების საშუალებას მისცემს.