19 წლის პოეტი სოფელ შილდადან- ვიდეო
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მცხოვრები 19 წლის გიორგი ზუბიტაშვილი ლექსებს პატარაობიდან წერს. მისი ლექსები მუნიციპალურ გაზეთში იბეჭდებოდა. ის ასევე არის ყვარლის ახალგაზრდა კალმოსანთა კლუბის „კალამოედნის“ წევრი და ილია ჭავჭავაძის გაზეთ „ივერიის სახელობის“ პროზა-პოეზიის პრემიის ლაურიატ-ორდენოსანი.
ახალგაზრდა ამბობს, რომ ლექსების წერა პატარა ასაკიდან დაიწყო და ეს მისი ცხოვრების თანამგზავრია.
,,ვწერ ლექსებს, იშვიათად მოთხრობებსაც. თუმცა ჩემ ცხოვრებაში უპირველესი მაინც პოეზიაა. თითქმის ჩემი ნახევარი ცხოვრების თანამგზავრია კალამი. 11 კლასი მშობლიურ სოფელში, შილდაში დაამთავრე. სასკოლო განათლება ქალაქ ყვარლის №1 საჯარო სკოლაში დავასრულე 2020 წელს. 2019 წლიდან გახლდით ყვარლის ახალგაზრდა კალმოსანთა კლუბის „კალამოედნის“ წევრი, რომელსაც ხელმძღვანელობს არაჩვეულებრივი ქალბატონი, უთბილესი და შესანიშნავი პოეტი ლია გიგიტაშვილი. კლუბში ჩართულობისისას სისტემატიურად იბეჭდებოდა ჩემი ნაწარმოებები გაზეთ „ყვარლის ფურცლებზე“.
ამჟამად იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელი ვარ ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
დანამდვილებით არ მახსოვს პირველი ლექსი რა ასაკში დავწერე. ოჯახში ამბობენ, რომ ხუთი წლის ასაკში დამიწერია ლექსი, თუმცა პოეზიით ექვსი-შვიდი წლის წინ დავინტერესდი. ლექსთან ჩემი კავშირი განაპირობა ჩემი კლასელის გიორგი ჩახტაურის ნაჩუქარმა ლექსთა კრებულმა. ეს იყო პოეტ მინდია არაბულის კრებული „ჩემი დღეები“. ეს წიგნი, როგორც პოეზია ჩემი მეგზურია ყველგან. ახლა ვწერ, როგორც ამბობენ განვითარების, დახვეწის პროცესში ვარ, რაც ძალიან მახარებს”,- განუცხადა knews.ge-ს გიორგი ზუბიტაშვილმა.
ახალგაზრდა პოეტი ამბობს, რომ 700-ზე მეტი ლექსი აქვს დაწერილი, რომელიც ეხება ბუნებას, სიყვარულს, ადამიანურ გრძნობებს და კახეთს.