აშშ-ის ელჩმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე განაცხადება გააკეთა
აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ რომ საქართველოში ძალადობისა და არეულობისკენ მოწოდებები პროკრემლისტურ პროპაგანდას უკავშირდება.
“დავიწყებ იმით, რომ ჩვენთვის მძიმე და შოკისმომგვრელი იყო ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ტრაგიკული ამბავი. ჩვენი ლოცვა მიმართულია მისი ოჯახის წევრების, მეგობრების და კოლეგებისადმი. ეს არის ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმების ნაწილი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა არის მიუღელებლი.
სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს თავისუფალი გარემო იმისთვის, რათა მოქალაქეებმა გამოხატონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებები. ისეთი, როგორიცაა შეკრების, მანიფესტაციის , სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს თავისუფალი და უსაფრთხო გარემო ჟურნალისტების საქმიანობისთვის. სამწუხაროდ, 5 და 6 ივლისს ჩვენ ეს ვერ ვიხილეთ. იმედი მაქვს, იქნება უფრო მეტი აღიარება იმის მიმართ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს თავისუფლებები. ასევე ვიმედოვნებ, უზრუნველყოფილი იქნება უკეთესი გარემო იმისთვის, რათა საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატონ თავიანთი კონსტიტუციური უფლებები უსაფრთხო გარემოში.
ვფიქრობ, ყველამ კარგად იცის ვინ აფინანსებს პროკრემლისტურ დეზინფორმაციას საქართველოში, რომელიც მიმართულია ძალადობის, არასტაბილურობისა და არეულობის გამოწვევისკენ. ვფიქრობ, ქართველებმა კარგად იციან სინამდვილეში ვინ დგას ამის უკან და ვინ აფინანსებს ამას”,- განაცხადა კელი დეგნანმა.