ახალი ამბები

უცხოური მედია თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სექსუალური ორიენტაციის დისკრიმინაცია უკანონოა, ქვეყანა კვლავ ძალიან კონსერვატიულია, – ამის შესახებ აღნიშნულია BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში: „თბილისი პრაიდის მარში ულტრა-მემარჯვენეების მიერ ოფისებზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გაუქმდა.“

გამოცემის ცნობით, ეს თბილისში LGBTQ საზოგადოებაზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ ყოფილა.

„2019 წელს ულტრა-მემარჯვენე დემონსტრანტებმა აქცია გამართეს პირველი ქართული LGBTQ ფილმის პრემიერის წინააღმდეგ,“– აღნიშნულია სტატიაში.

„პრაიდის ღონისძიებები კვლავ სადავოა საქართველოში, კონსერვატიულ ქვეყანაში, სადაც ძლიერი მართლმადიდებლური ეკლესია შეეჯახა დასავლეთისკენ მიდრეკილ მთავრობებს პროგრესული სოციალური საკითხების გამო,“– წერს „ფრანს-პრესი“.

თბილისში განვითარებულ მოვლენებს აღწერს The Guardian-იც და წერს, რომ ეს ქალაქში “პრაიდის მარშის“ გამო დაწყებული ძალადობის პირველი შემთხვევა არაა.

„2013 წელს თბილისში, პრაიდის აღლუმზე თავდასხმის დროს მღვდლები მიუძღოდნენ ბრბოს, რომლებიც სკანდირებდნენ: “არა გეებს“. ძალადობამ შეარყია საქართველოს მცდელობები გააძლიეროს პროდემოკრატიული და ადამიანის უფლებების მანდატი მაშინ, როდესაც ქვეყანა ცდილობს უფრო ძლიერი კავშირები ჰქონდეს ევროპასთან,“– წერს The Guardian-ი.