ახმეტაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება
ოთხთვიანი პაუზის შემდეგ, ახმეტის მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია დაიწყება.
აცრის კაბინეტი ახმეტის რაიონულ ჰოსპიტალში გაიხსნა, იქ სადაც ჯერ კიდევ რემონტი მიმდინარეობს. საავადმყოფოს დირექტორი გიორგი უძილაური აცხადებს, რომ მოსახლეობის აცრისათვის ოთხკაციანი მობილური ჯგუფი უკვე შექმნილია.
“კაბინეტი ვაქცინაციისათვის უკვე მოწყობილია. ვინც დარეგისტრირდა, უკვე შეუძლია აცრაზე მოვიდეს. ამის გარდა, ჩვენ დავეხმარებით მოქალაქეებს რეგისტრაციის გავლაშიც. რემონტი ბოლომდე არ დასრულებულა, მაგრამ კაბინეტის გახსნის შესაძლებლობა უკვე იყო. ასე რომ, ყველა პირობასთან ერთად ვაქცინა გვაქვს და შეგვიძლია პროცესი უსაფრთხოდ ჩავატაროთ”,-განაცხადა უძილაურმა.
ახმეტაში ვაქცინაციის პროცესი, საავადმყოფოში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო არ მიმდინარეობდა. ადგილობრივ მოსახლეობას აცრის ჩასატარებლად, თელავის საავადმყოფოებში წასვლა უწევდა. დღევანდელი მდგომარეობით, რეგიონში 9 ათასამდე მოქალაქეა აცრილი. აქედან ყველაზე ნაკლები, ახმეტის მუნიციპალიტეტზე მოდის.