ახალი ამბები

ელექტროენერგიის ახალ აბონენტებს გამრიცხველიანება 300 ლარით გაუძვირდებათ

ჭკვიანი მრიცხველების დაყენება 2021 წლის 1 ოქტომბრიდან სავალდებულო იმ ახალი საცხოვრებელი მრავალბინიანი კორპუსებისთვის გახდება, რომლებიც განაცხადს გამრიცხველიანების შესახებ მიმდინარე წლის ოქტომბრიდან შეიტანენ.

ჭკვიანი მრიცხველი თავად დისტანციურად გადასცემს ინფორმაციას კომპანიას, შესაბამისად, აღმრიცხველს მონაცემების მისაღებად ადგილზე მისვლა აღარ დასჭირდება.
ამასთან, ჭკვიანი მრიცხველი შესაძლებლობას იძლევა თავად ჩართოს ან გათიშოს ელექტროენერგია. როგორც სემეკში აცხადებენ, ჭკვიან მრიცხველებს როგორც მომხმარებლებისთვის ისე კომპანიებისთვის კიდევ არაერთი უპირატესობა ექნება.

როგორც ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი ამბობს, ჭკვიანი მრიცხველებით აღჭურვა ახალი კორპუსების კომპანიის მხრიდან დამატებით ინვესტიციას საჭიროებს, შესაბამისად, მისი თქმით, ახალ აბონენტებს გამრიცხველიანების პროცესი გაუძვირდებათ.

ვარდიაშვილის განმარტებით, ჭკვიანი მრიცხველის დაყენება, რომლის ვალდებულება 1 ოქტომბრიდან ახალ აბონენტებს ექნებათ, მომხმარებლისთვის 300 ლარით გააძვირებს გამრიცხველიანების პროცესს. თუმცა, ვარდიაშვილი იმასაც ამბობს, რომ მას არანაირი გავლენა არ ექნება ელექტროენერგიის ტარიფზე.