გურჯაანის მცხოვრები, 33 წლის ქალი მეზობელს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები, 33 წლის ქალი 41 წლის მეზობელს მუქარაში, ძალადობასა და გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს.
როგორც ქალი აცხადებს, შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა. ქალის ინფორმაციით, თანასოფლელი კაცი ხშირად სვამდა, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს კი მასთან სახლში მივიდა და ძალის გამოყენებით საკუთარ საცხოვრებელში წაიყვანა.
მისივე თქმით, მეზობელმა მას მუქარის მეშვეობით ტანსაცმლის გახდა მოსთხოვა, სახეზე დაზიანებები მიაყენა და გაუპატიურება სცადა. აღსანიშნავია, რომ ქალი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.
სამართალდამცავებმა მამაკაცი სახლში იმ დროს დააკავეს, როცა ქალი ჯერ კიდევ მასთან იმყოფებოდა. ჩატარებულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. დაზარალებულის ინტერესებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი იცავს.
გამოძიება გაუპატიურების მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მოძალადეს 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.