იტალიაში გაუჩინარებული ქართველი ემიგრანტი იპოვეს
იტალიის სამხრეთში, ქალაქ ლეჩოში სამუშაოდ წასული 42 წლის თემურ მოსაშვილი, რომელსაც ოჯახის ახლობლები და ნათესავები 20 ივნისიდან ეძებდნენ იპოვნეს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს თემურის დამ, თამარ მოსაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, მისი ძმა ამჟამად ლეჩეს ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება და მკურნალობის კურსს გადის.
,,ჩემი ძმა სხვა ქართველი ემიგრანტების დახმარებით დაგვიკავშირდა. ჩვენს შორის საუბარი დაახლოებით ერთი წუთი გაგრძელდა. მან გვითხრა, რომ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვს და კლინიკაში მკურნალობენ. ასევე ამბობს, რომ როგორც კი შეძლებს საქართველოში დაბრუნდება”,- განაცხადა მამაკაცის დამ.
თემურ მოსაშვილი წარმოშობით ლაგოდეხიდან არის და იტალიაში დაახლოებით ორი თვის წინ წავიდა, თუმცა მას მუშაობა არ დაუწყია და ამ პერიოდის განმავლობაში ლეჩეში ლტოლვილთა თავშესაფარში ცხოვრობდა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით ნერვიულობის ნიადაგზე მას ინსულტი განუვითარდა, საავადმყოფოში მოხვდა, თუმცა მან კლინიკა თვითნებურად დატოვა. სწორედ ამის შემდეგ ოჯახი მასთან კომუნიკაციას ვერ ამყარებდა. მათ დახმარებისთვის იტალიაში საქართველოს საკონსულოს მიმართეს. ძებნის პროცესში ჩართული იყო ადგილობრივი პოლიციაც.