თელავში ყრუ-უსინათლო პირთა შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეული იმართება
თელავში ტარდება ყრუ-უსინათლო პირთა ცნობიერების ამაღლების კვირეული, რომელიც 27 ივნისს ცნობილი ყრუ-უსინათლო მწერლისა და სამოქალაქო აქტივისტის ჰელენ კელერის დაბადების დღეს დასრულდება.
შეხვედრაზე ჰელენ კელერის მიღწევებზე, ასევე სმენისა და მხედველობის სენსორული დარღვევის მქონე პირთა გამოწვევებსა და თავად ყრუ-უსინათლო პირებზე ისაუბრეს, რომელთა რაოდენობა საქართველოში, მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, არის, სულ მცირე, 700.
კვირეულის მიზანია, საზოგადოებაში ყრუ და უსინათლო პირების ინტეგრაცია და ადაპტაცია.
ყრუ და უსინათლოთა თელავის კლუბის ლიდერის, მაია რაზმაძეს თქმით, საქართველოში ასეთი სულ 5 კლუბია, სადაც ასევე იგეგმება კვირეულის აღნიშვნა.
,,პანდემიის გამო, კვირეულის ჩატარება მოგვიწია რეგულაციებისა და შეზღუდვების დაცვით. სულ 25 ადამიანი ვიყავით ღონისძიებაზე. ეს კვირეული ემსახურება საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას, ბენეფიციარების მოზიდვას და ყრუ-უსინათლო ადამიანების საზოგადოებაში ადაპტაციას. გადავამზადეთ 18 თარჯიმანი, ბენეფიციარებს გადაეცათ 5 თეთრი ხელჯოხი“,- განაცხადა მაია რაზმაძემ.
ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი დაესწრო.
ღონისძიების დასასრულს ყრუ-უსინათლო პირთა თარჯიმან-მეგზურის მოსამზადებელი ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.