მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში კახეთიდან ორი პედაგოგი მოხვდა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მისაღებად, საქართველოს მასშტაბით ნომინირებული პედაგოგების ათეულში კახეთიდან ორი პედაგოგი გადავიდა.
ათეულში გადავიდნენ ქალაქ თელავის მე-5 სკოლის, ,,მე და საზოგადოება” სამოქალაქო განათლების პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ფიზიკის, ბუნებისმეტყველების, მეწარმეობის საფუძვლების და სპორტის მასწავლებელი აზა ხანგოშვილი.
სამოქალაქო განათლების პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი აცხადებს, რომ მასწავლებელთა ათეულში მოხვედრა მისთვის დამატებითი პასუხისმგებლობა და სასიამოვნო ფაქტია.
,,მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე წარდგენა მოხდა ყოფილი მოსწავლის, გვანცა მოლაშვილის მიერ. რაც შეეხება ათეულში მოხვედრას, დიდი სიხარულით მივიღე იმიტომ რომ ეს ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაც არის. ამასთან ერთად, ძალიან დიდი სტიმულიც. მე ვთვლი, რომ ეს მხოლოდ ჩემი წარმატება არ არის. ეს ჩემი სკოლის, მოსწავლეების და საზოგადოების წარმატებაა. მასწავლებლის ჯილდოს დაფუძნება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. როცა სპეციალისტები, საზოგადოების სხვადასხვა წევრები აღიარებენ შენს საქმიანობას, მასწავლებლისთვის ამაზე დიდი წარმატება რა უნდა იყოს. ასევე შესაძლებლობა გეძლევა შრომის დაფასების და აღიარების.
ყველა წარმატების მიღწევა პროექტების და აქტივობების განხორციელებით შევძელი, როგორც მასწავლებლებთან ასევე მოსწავლეებთან ერთად. აქედან გამომდინარე მრავალი ჯილდო დავიმსახურეთ. როდესაც ხედავ მოსწავლეების ცოდნა და უნარ-ჩვევები უკვე შეგედიანია, ფიქრობ რომ ამას წარმატებით გაართვი თავი.
ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, 2011 წლიდან ვარ მასწავლებელთა ფორუმის საბჭოს თავჯდომარე. ვიკვლევ რეგიონის სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა საჭიროებებს, ვეხმარები მათ აღმოჩენილი პრობლემების დაძლევაში, ვუზიარებ პროფესიულ გამოცდილებას, ვმონაწილეობ შეხვედრების ორგანიზებაში, ვხელმძღვანელობ მრგვალი მაგიდის საქმიანობას, აქტიურად ვარ ჩართული სამოდელო გაკვეთილების ჩატარების საქმეში, რომლის შედეგსაც განიხილავს ექსპერტი. ასევე 2014-2015 წლებში ვიყავი პროექტის “არ დაარღვიო საგზაო წესები” კახეთის რეგიონის კოორდინატორი. 10 წელია სამოქალაქო განათლების და ეკო კლუბს ვხელმძვანელობ. ამ და სხვა აქტივობებში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ვფიქრობ ეს წარმატება დიდ სტიმულს მომცემს გავაკეთო მეტი ამ მიმართულებით”,- განუცხადა Knews.ge-ს ზეინაბ კაკალაშვილმა.
ათეულში გადასული მეორე პედაგოგი კახეთიდან, სოფელ დუისის საჯარო სკოლის ფიზიკის, ბუნებისმეტყველების, მეწარმეობის საფუძვლების და სპორტის მასწავლებელი აზა ხანგოშვილია. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა თავად გადაწყვიტა და განაცხადიც თვითონ შეავსო. მისივე თქმით, მსგავსი კონკურსების ჩატარება სტიმულის მომცემია თვითოეული პედაგოგისთვის.
,,სოფელ დუისში სკოლის ფარგლებში ჩამოვაყალიბეთ ეკო კლუბი და ჩავერთეთ ნიკო კეცხოველის კონკურსში, წელიწადნახევარი გაგრძელდა ეს კონკურსი, რომლის ფარგლებში გადავედით ნახევარ ფინლში და შემდეგ ფინალშიც გამარჯვებაც მოვიპოვეთ. სულ 660 აქტივობა განვახორციელეთ.
მაშინ წარმატებული მასწავლებელი ლადო აფხაზავა იყო ჩვენი ჟიურის წევრი და ერთ-ერთ შეხვედრაზე მან იკითხა რომელიმე მასწავლებელს ხომ არ ჰქონდა სურვილი განაცხადის შეტანის ეროვნული ჯილდოს მისაღებად. მე თავიდან არ მიფიქრია, შემდეგ მითხრა თქვენ უნდა იყოთ წარდგენილიო. მეც ვიფიქრე, რომ ალბათ არ ვარ ჩვეულებრივი მასწავლებელი და მეტი შემიძლია გავაკეთო- მეთქი. ამ პროცესში შვილი დამიდგა გვერდით და შევიტანეთ განაცხადი. თავად შევავსე აპლიკაცია და მოვხვდი ათეულში. მართალი გითხრათ ველოდი ათეულში გასვლას, ჩემი განხორციელებული პროექტების და გაკეთებული აქტივობებიდან გამომდინარე.
ასეთი პროექტები აუცილებელია ხშირად ტარდებოდეს. სხვა კონკურსებშიც მიმიღია მონაწილეობა და ახლაც ჩართული ვარ მსოფლიო კრეატიული ქალბატონების ჯილდოს კონკურში და სადაც საუკეთესო ქულებით მეორე ეტაპზე გადავედი.
მე სოფელ დუისში ვცხოვრობ და საზოგადოებასთან ურთიერთობა ნაკლებად მაქვს. ამ პროექტმა კი მომცა საშუალება მეტი მასწავლებელი გავიცნო. მაქვს გაკვეთილის ჩატარების ჩემეული მეთოდები, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოვაყალიბე.
ლტოლვილი პედაგოგი ვარ და სამი წლის განვალობაში მოხალისედ სკოლაში მომიწია უხელფასოდ მუშაობა. დიდი შრომა ჩავდე სკოლის გაფართოვებაში. სამ ენაზე მოსაუბრე მასწავლებელი გახლავართ, ვიყავი რუსულენოვან სექტორში ჩართული, ორი წელია რაც ქართულ სექტორზე გადმოვედი დ უბედნიერესი ვარ. ამ პროექტმა კი მომცა შესაძლებლობა, ძალიან კარგი მასწავლებლების გვერდით ვყოფილიყავი”,- განაცხადა აზა ხანგოშვილმა.
მასწავლებლის ეროვნულ კონკურსს განათლების კოალიცია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით 2017 წლიდან ახორციელებს. აღნიშნული ინიციატივა მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას. განათლების კოალიციის დირექტორი გიორგი ჭანტურია აცხადებს, რომ კონკურსი წელს უკვე მეხუთედ ტარდება და ისინი ყოველწლიურად ცდილობენ მის დახვეწას.
,,2017 წელს დაარსდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო და წელს არის უკვე მეხუთე კამპანია. პირველ რიგში მისი მიზანია მასწავლებლის პრესტიჟის ზრდა და გამორჩეულების გამოვლენა. ეს არის კონკურსი, რომელიც ხორციელდება საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლობით განათლების სამინისტროსთან, მასწავლებლის სახლთან, ასევე დონორი ორგანიზაციების მიერ ერთობლივად და ჩვენი მხარდამჭერია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი.
ჩვენ წლების მანძილზე ვცდილობდით დაგვეხვეწა კონკურსი. მასში მონაწილეობა რთულიც არის მასწავლებლებისთვისაც, რადგან კრიტერიუმები შევცვალეთ და გადავახალისეთ. ჟიურის წევრებიც უფრო მომზადებულები არიან.
ჟიური 19 ადამიანისგან შედგება, რომლებიც ძირითადად განათლების სფეროში მუშაობენ. ისინი ქულათა სისტემით აფასებენ პირს. კითხვებზე პასუხი ჯამდება ქულებით და დგება მასწავლებლების რეიტინგი. შემდეგ გვაქვს გასაუბრება და ამის საფუძველზე ჟიური ავლენს საუკეთესო ათეულს. 5 სექტემბერს კი გამოვლინდება 5 ფინალიტი და ასევე გამარჯვებული.
ჯილდოს რაც შეეხება, მთავარი გამარჯვებული მიიღებს 10 000 ლარს და ერთვება სხვადასხვა სახის პროექტებში, რომელსაც ჩვენ და პარტნიორი ორგანიზაციები ვახორციელებთ. გარდა ამისა, საუკეთესო ათეულთანაც არ წყდება თანამშრომლობა, ჩვენ მათთან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს. 4 ფინალისტი ღებულობს ლიბერთი ბანკისგან 2 000 ლარს, მეორე ხუთეული კი 1000 ლარს იგივე ბანკიდან. გაქვს ასევე წამახალისებელი პრიზები სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციებისგან. მაგალითად: წინა წლის ათეულის წევრი სასწავლო ტურით მალე წავა საფრანგეთში. ყოველთვის ვცდილობთ ეს ნაწილი იყოს დატვირთული”,- განუცხადა Knews.ge-ს გიორგი ჭანტურიამ.
ამავე თემაზე იხილეთ ვრცლად რადიო ,,კახეთის ხმის” გადაცემა: