ახალი ამბები

კახეთის მიმართულებით 4-ზოლიანი საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა აშენდება

კახეთის მიმართულებით საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა აშენდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძეს თქმით, 85 კმ-იანი მონაკვეთი, 4-ზოლიანი მაგისტრალური გზის მშენებლობა, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურის, ისე კახეთის რეგიონის გავითარებისთვის.

მისი თქმით, თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის გზის პროექტირება უკვე დასრულდა. მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და სამ ლოტად დაიყოფა.

,,ანალიზის შედეგად, როგორც საინჟინრო-ტექნიკური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, შესაძლებელია, რომ პირველ ლოტზე, ქართულ კომპანიებს მიეცეთ ტენდერში პირდაპირ მონაწილეობის შესაძლებლობა. ესაა 4 კმ-მდე ოთხზოლიანი ავტომაგისტრალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილების შეძენის კუთხით და შემდგომში, კიდევ უფრო დიდ ტენდერებში მონაწილეობისათვის. 74 მილიონი ლარი საორიენტაციო ბიუჯეტია მხოლოდ ამ ლოტისთვის და ასეთი ზომის ტენდერი ჩვენ სახელმწიფო შესყიდვით ჯერ არ გამოგვიცხადებია. დანარჩენი ორი ლოტის ღირებულება 576 მილიონი ლარია. ამ შემთხვევაში, ტენდერები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წესების დაცვით ჩატარდება და აქაც ქართულ კომპანიებს ერთობლივი საწარმოების შექმნით კონკურსში მონაწილეობა შეეძლებათ.
ბაკურციხიდან ჩუმლაყის მიმართულებით, ე.წ. გურჯაანის შემოვლითი გზა მალე დასრულდება და ექსპულატაციაში შევა, რის შედეგედაც ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე, აღარ მოუწევს გავლა ქალაქ გურჯაანსა და მუნიციპალიტეტის 6 სოფელში, ხოლო გადაადგილების დრო განახევრდება. ტენდერი უკვე გამოცხადებულია ბაკურციხე-წნორის მიმართულებით, სადაც ახალი გზის მშენებლობას ვგეგმავთ, რადგან არსებული ვერ აკმაყოფილებს საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებს. ყველა ეს სამუშაო ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ადგილობრივებისთვის და რეგიონის განვითარებისთვის პოზიტიურ როლს შეასრულებს,“
– აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.