ახალი ამბები

ენმ-ს თელავის პარტიული ორგანიზაცია ოფისთან ავტობუსის გაჩერების მოწყობას აპროტესტებს

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, თელავში, პარტიის ოფისთან ავტობუსის გაჩერების მოწყობას აპროტესტებს.

საკრებულოს წევრი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, ბაადურ რევაზიშვილი აცხადებს, რომ თელავის მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტის ერთ- ერთი გაჩერებისთვის ადგილი, პირდაპირ ოფისის გამოსასვლელთან მონიშნეს. მისი თქმით, ამის გამო ისინი ოფისთან მანქანების გაჩერებას ვეღარ ახერხებენ.

” ოფისის წინ, პირდაპირ გამოსასვლელთან დაგვიხაზეს გაჩერების ადგილი. გამოდის, რომ ჩვენ ავტომანქანებს ვეღარ გავაჩერებთ. რადგან ასეთ შემთხვევაში დაგვაჯარიმებენ. სად უნდა წავიყვანოთ მანქანები, არავის უთქვამს. საკითხი საკრებულოს სხდომაზე დავაყენე. არ მინდა ვიფიქრო, რომ პოლიტიკური მიდგომა გამოიჩინეს. საკრებულოში მითხრეს, რომ განიხილავენ საკითხს. ვნახოთ, ველოდები”- განაცხადა ბაადურ რევაზიშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის, დავით ქსოვრელიშვილის თქმით, მერია საკითხით დაინტერესებულია და მისი განხილვა მოხდება.
“ეს საკითხი მოგვარებადია, რადგან ჯერ ყველაფერი სატესტო რეჟიმშია. ჩამოვა კომპანია, რომელიც მერიის დაკვეთით ასრულებს სამუშაოებს და ადგილის შერჩევაზე მსჯელობა შეიძლება”- განაცხადა ქსოვრელიშვილმა.
თელავში, მუნიციპალური ავტობუსი ქალაქის ხუთი სხვადასხვა მიმართულებით უკვე რამდენიმე თვეა მოძრაობს და მგზავრები, სატესტო რეჟიმში, ჯერჯერობით, უფასოდ გადაჰყავს.