თელავის ტექნოპარკში ინოვაციური ბანაკის მონაწილეები სერტიფიკატებით დააჯილდოვეს
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თელავის ტექნოპარკმა ერთკვირიან ინოვაციურ ბანაკს „მომავლის ინოვატორებს“ უმასპინძლა.
ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარის, ავთანდილ კასრაძეს თქმით, პროექტში მონაწილეობა თელავის მუნიციპალიტეტში შემავალი თოთხმეტი საჯარო სკოლის: აკურის, ბუშეტის, გულგულის, ვანთის, ვარდისუბნის, თეთრიწყლების, იყალთოს, კისისხევის, კონდოლის, კურდღელაურის, რუისპირის, ქვემო ხოდაშენის, ყარაჯლის, წინანდლის 12-13 წლის მოსწავლეებმა მიიღეს. მოსწავლეები ერთი კვირის მანძილზე ინოვაციურ ბანაკში „მომავლის ინოვატორები“ თელავის ტექნოპარკის მენეჯერის, სოფია სამადაშვილის ხელმძღვანელობით გადიოდნენ სწავლებას.
„7 დღის განმავლობაში, თელავის ტექნოპარკის გარე სივრცეში, დილის 11:00 საათიდან 19:00 საათამდე ბანაკის მონაწილეები სხვადასხვა სახის აქტივობაში იყვნენ ჩართულნი, გაიმართა Lego Robotics-ისა და LittleBits-ის ვორქშოფები, სემინარი ,,როგორ შევქმნათ სტარტაპი“; კინო ჩვენებები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, მეოთხე ინდრუსტრიული რევოლუციის შესახებ. მონაწილეებს ტრენინგები ჩაუტარეს თბილისის ტექნოპარკის ელექტრონიკის ინჟინერმა და ტრენერმა მამუკა აფაქიძემ და სტარტაპების ,,Vrex Immersive Inc“-ისა და ,,ATOM Kids“–ის წარმომადგენლებმა. პროექტის ფარგლებში თითო სკოლიდან შეირჩა ორი მოსწავლე, ჯამში 28 მოსწავლე, შერჩევის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა იყო. ინოვაციური ბანაკის „მომავლის ინოვატორების“ მიზანია, ახალგაზრდებში ციფრული უნარებისა და კომუნიკაციების ხელშეწყობა“, – განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
ინოვაციური ბანაკის დასრულების შემდეგ მონაწილეები კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა, ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.