ლაგოდეხში ვაქცინაციის დამატებით 3 ცენტრი იხსნება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის დამატებით 3 ცენტრი გაიხსნება. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, კოვიდ-19 ვაქცინაციის ადგილობრივი გეგმა უკვე შემუშავდა.
უწყებაში განმარტავენ, რომ მუნიციპალური გეგმის თანახმად, ვაქცინაციის დანერგვის მიზნით, სოფელ კაბალის, აფენისა და ცოდნისკარის ამბულატორიაში დამატებითი ვაქცინაციის ცენტრები გაიხსნება.
აღნიშნულ ცენტრებში, მოქალაქეებს, პროფესიონალი მედ-პერსონალი მოემსახურება. ვაქცინაციის ცენტრები უზრუნველყოფილი იქნება ვაქცინით და პირველადი დახმარების თანამედროვე აღჭურვილობით.
ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე აცხადებს, რომ სოფლები ტერიტორიული მდებარეობის და მოსახლეობის სიმრავლის ნიშნით შეირჩა.
“კაბალი დიდი და ამავდროულად ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფელია. აფენი კი ტერიტორიულად დაშორებული. ამიტომ ტრანსპორტირებისა და გადაადგილების პრობლემა რომ არ გაჩნდეს, აცრის კაბინეტი ადგილზე იმუშავებს. ვფიქრობ, ასეთი გზით, მოსახლეობის საკმაო ნაწილის ვაქცინაციას შევძლებთ”- განაცხადა ნუნუ ნოზაძემ.
მისივე თქმით, ექიმები და ექთნები, ვაქცინაციის ჩასატარებლად, უკვე გადამზადებულები არიან.
აღსანიშნავია, რომ დღემდე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, აცრის მხოლოდ ერთი ცენტრი მუშაობდა. მთლიანად კახეთის რეგიონში, ვაქცინაცია ახმეტის გარდა, ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.