ახალი ამბები

ლაგოდეხში დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი ამოქმედდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი ამოქმედდა. ცენტრი შშმ პირების და ეთნიკური უმცირესობების მიმართულებით იმუშავებს და მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ცენტრის ერთ-ერთი ლიდერი, დიანა ხაზარაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში 1600-ზე მეტი შშმ პირია იდენტიფიცირებული.

,,USAID-ის დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამა საქართველოში მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირებისა და მდგრადი მომსახურების მიწოდების გზით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროგრამა სამიზნე მუნიციპალიტეტებში დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების დაფუძნებას გეგმავს, რომელსაც ცენტრში დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახის წევრები წარუძღვებიან.

ლიდერის მოვალეობა იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საინფორმაციო მხარდაჭერა, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება, სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ადვოკატირება და ა.შ. პროგრამის ფარგლებში უკვე გადამზადებულია 39 სპეციალისტი”,- განუცხადა Knews.ge-ს დიანა ხაზარაძემ.

პროგრამა დაფინანსებულია USAID მიერ და ხორციელდება მაკ ჯორჯიასა (MAC Georgia) და კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის (CIL) პარტნიორობით.