გურჯაანში ახალგაზრდებმა მიტანის სერვისი ,,სხარტი” შექმნეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებმა მიტანის სერვისი ,,სხარტი” შექმნეს.
რამდენიმე თვის წინ შექმნილი კომპანიის დამფუძნებლები ველოსიპედით და მოპედით თავად ემსახურებიან მომხმარებლებს. სტარტაპის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ მსგავსი სერვისის შექმნის იდეა პანდემიის პერიოდში მოუვიდათ, რადგან მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს გადაადგილების და გაყიდვის პრობლემები შეექმნათ.
,,რამდენიმე თვის წინ სამმა მეგობარმა ვცადეთ და დავიწყეთ ეს საქმიანობა. მოტივაცია, რამაც მიწოდების სერვისის შექმნა გადაგვაწყვეტინა, იყო პანდემია, რომლის დროსაც გადაადგილების პრობლემები შეიქმნა და ბიზნეს გაუჭირდა ამ მიმართულებით. ონლაინ სივრცეში საკმაოდ კარგად მუშაობს მიტანის და გამოძახების სერვისები. ეს იყო ჩვენი მამოძრავებელი ძალა, რამაც გადაგვაწყვეტინა, რომ ეს საქმე გაგვეკეთებინა. ვფიქრობდით ის დააინტერესებდა ადგილობრივ ბიზნესს თუ მომხმარებლებს. პირველად ჩვენს გვერდზე რეკლამის სახით დავდეთ ინფორმაცია, გვაინტერესებდა რა გამოხმაურება მოყვებოდა. პოსტს საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოყვა და გადავწყვიტეთ ველოსიპედებით და სკუტერებით დაგვეწყო და აგვემუშავებინა ეს სერვისი”,- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
გიორგის თქმით, შეკვეთებს ძირითადად სოციალური ქსელის საშუალებით იღებენ. მისი განმარტებით, მიტანის სერვისის საფასური ქალაქ გურჯაანში სამი ლარია.
,,სიტყვა სხარტი სისწრაფესთან ასოცირდება და ვცდილობთ ყოველთვის სხარტები ვიყოთ. მომხმარებელს იუმორით და სხარტულად მოვემსახუროთ. ჯერ კიდევ ახლები ვართ და ბევრმა არ იცის ჩვენს შესახებ. პირველ ეტაპზე მხოლოდ ქალაქ გურჯაანში ვცდილობთ დავიმკვიდროთ თავი. შეკვეთის მიღების სამი საშუალება გავქვს, ძირითადად ეს ხდება მესინჯერით, ტელეფონით ვიღებთ შეკვეთებს და ასევე გარკვეული პროდუქციის ონლაინ კატალოგი შევქმენით, დიდი რაოდენობით პროდუქციაა უკვე დამატებული და მომამარებელს თვითონ შეუძლია შეარჩიოს დრო და ადგილი, პროდუქტი და ადგილზე მივუტანთ.
გვაქვს სწრაფი მიტანის სერვისიც და შედარებით ძვირია. თუ გეგმიურ მიტანას აირჩევს მომხმარებელი მაშინ გარკვეულ პერიოდში ვემსახურებით. გვაქვს შემთხვევები, ყოფილა ისეთი გამოძახება, რომ შეიძლება მომხმარებელს უფასოდაც მივუტანოთ სასურველი პროდუქტი. ქალაქ გურჯაანში სამი ლარია მიწოდება, სოფლებში კი კილომეტრზე ემატება 1 ლარი”,- განუცხადა Knews.ge-ს გიორგი გაბუნიამ.
გიორგის განმარტებით გამოწვევები, რომლის წინაშეც ამ ეტაპზე კომპანია დგა, არის კურიერის პოზიციით ახალგაზრდების ნაკლები დაინტერესება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე კომპანია ძირითადად კვების ობიექტებს ემსახურება და მომხმარებლებიც ძირითადად ამ მიმართულებით არიან დაინტერესებული.
,,პრობლემაა არა მხოლოდ მომხმარებლების ჩვევის გამომუშავება ამ სერვისის გამოყენების კუთხით, ასევე კურიერის პოზიციით დაინტერესებული პირების სიმცირეა. რამდენჯერაც გამოვაცხადეთ ვაკანსია ჩვენც და ასევე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებმა კურიერის პოზიციაზე, მსურველი თითქმის არ იყო. ამ ეტაპისთვის ძირითადად სწრაფი კვების ობიექტებს ვემსახურებით: სახინკლეებს, საშაურმეებს, საცხობებს.
გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია გადმოგვიგზავნოს პროდუქტების სია, შევუძინოთ ჩვენ და ადგილზე მივუტანოთ. თანხას ემატება მხოლოდ მიტანის საფასური. პროდუქტის ყიდვის მდებარეობას მომხმარებელი თვითონ არჩევს. კარგია რომ მიტანის სერვისი არსებობს ლაგოდეხში, დედოფლისწყაროში და თელავში. ჩვენ ამით ერთანეთს ვაძლიერებთ და ეს კარგია მომხმარებლებისთვის. ეს გააძლიერებს ბიზნეს სექტორს”,- განაცხადა Knews.ge-სთან საუბრისას გიორგი გაბუნიამ.
გიორგის თქმით, ცოტა ხნის წინ მათ თიბისი ბანკის პროექტის ფარგლებში უფასო რებრენდინგი შესთავაზეს, რომლის ფარგლებშიც მოხდა მათთვის ახალი ლოგოს დამზადება. ახალგაზრდები სამომავლოდ მიტანის სერვისის არეალის გაფართოებას და სტაბილური თანამშრომლების აყვანას გეგმავენ. გიორგი აცხადებს, რომ მათი სამომავლო გეგმაა მოიძიონ ფინანსები და შეიძინონ სკუტერები.