„დაჯე“ -თელავში მცხოვრები ახალგაზრდას ინოვაციური დიზაინის ხელნაკეთი სკამი
თელავში მცხოვრებმა ახალგაზრდამ დავით ბოჭორიშვილმა სტარტაპ ბიზნესი „დაჯე“ შექმნა. მისი თქმით, დიზაინი მამასთან ერთად შეარჩია და უახლოეს პერიოდში წარმოებული ნივთის გასაყიდად გამოტანას გეგმავს.
მისი თქმით, ,,დაჯეს” ბრენდის ქვეშ წარმოებული ორი სახის ე.წ. ტაბურეტი, ლამაზი ჩანთით და კომპაქტური ზომებით გამოირჩევა. დავით ბოჭორიშვილი სამხატვრო აკადემიაში მაგისტრატურაზე სწავლობს სამოქალაქო არქიტექტურის მიმართულებით. იგი ასევე მუშობს, როგორც პრაქტიკოსი არქიტექტორი და ატარებს ლექციებს. თუმცა ეს ხელს არ უშლის საკუთარი საქმის კეთებაში.
მისი თქმით, ამ ეტაპზე სკამების გასაყიდ პარტიაზე მუშაობს და მისი ინოვაციური ავეჯი ადგილობრივ ბაზარზე უახლოეს პერიოდში გამოჩნდება. დავით ბოჭორიშვილის თქმით, ინოვაციური სკამების დამზადების და ამ საქმის ბიზნესად ქცევის იდეა თავად მოუვიდა თუმცა, დღეს მას ამ საქმეში ოჯახი ეხმარება.
„80-იანების ბოლოს მამაჩემმა ოთარ ბოჭორიშვილმა, რომელიც სამრეწველო დიზაინერია, ექსპერიმენტირების დროს მიაგნო ფანერისგან ავეჯის დამზადების უნიკალურ მეთოდს. დაამზადა პირველი პროტოტიპი, რომელიც აწყობისას არ საჭიროებდა დამატებით შემაერთებლებს: შურუფს, ლურსმანს და წებოს. ამასთანავე იყო ძალიან გამძლე, მარტივად მოსახმარი და დამზადებისას თითქმის არ ტოვებდა ნარჩენებს. თავის დროზე მცირე რაოდენობით გაიყიდა კიდეც და იმდენად კარგი აღმოჩნდა, რომ დღემდე არის ბევრ ოჯახში იდეალურ მდგომარეობაში შემონახული. მოკლედ ამ 90-იანი წლების დროს ეს წამოწყება მივიწყებას მიეცა. დაახლოებით 1 წლის წინ კი, საუბრისას გავიხსენეთ ეს და მაშინ გამიჩნდა იდეა უფრო დაგვეხვეწა დიზაინი, თანამედროვე მოთხოვნებისთვის და ბაზრისთვის მოგვერგო და ამ საქმეს დავბრუნებოდით. სახელი ,,დაჯე” ჩემი ბავშობიდან ავიღე. პატარა რომ ვიყავი სკამს დაჯეს ვეძახდი. ახლა უკვე გვაქვს ,,დაჯეს” ორი სახის ტაბურეტი, თავისი ლამაზი ჩანთით და კომპაქტური ზომებით, რომელიც საშუალებას გვაძლევს ავეჯი გლოვოს კურიერსაც კი გავატანოთ მყიდველთან. გარდა ამისა, თავად მომხმარებელს შეუძლია ყველგან ატაროს და კომპაქტურადაც შეინახოს მაშინ როდესაც არ იყენებს”,- განუცხადა Knews.ge-ს დავით ბოჭორიშვილმა.
დავითის განმარტებით, საქმიანობის დაწყებისას ყველაზე რთული სკამების ასაწყობად საჭირო სათანადო მასალის მოძიება აღმოჩნდა. მისი თქმით, ადგილობრივ ბაზარზე ხის მასალა ძვირი და დაბალხარისხიანია, თუმცა მათი დიზაინით სკამის გაკეთება ხარისხს მოითხოვს. ახალგაზრდას განმარტებით, სკამების დამზადება რთული და მეტად საპასუხისგებლოა.
„სამწუხაროდ არსებულ ბაზარზე ხე-მასალა ძვირი და ხშირ შემთხვევაში დაბალხარისხიანია. სწორედ ამიტომ გვიწევს უამრავ მომმარაგებელთან კომუნიკაცია და თითოეული დეტალის მილიმეტრების სიზუსტით შემოწმება. ჩვენი პრინციპებიდან და დიზაინის სპეციფიურობიდან გამომდინარე დაბალ ხარისხიანი მასალის გამოყენება გამორიცხულია. მიუხედავად ამ სირთულისა, საბოლოო ჯამში, სათითაოდ ამორჩეული ხარისხიანი მასალიდან საბოლოო პროდუქტის მიღებამდე პროცესი ერთი დიდი სიამოვნებაა, რაც გვახსენებს, რომ ჩადებული შრომა და წვალება ნამდვილად ღირდა შედეგისთვის.
ჩვენი დიზაინის სკამების დამზადების პროცესი ძალიან საპასუხისმგებლოა. პრინციპიდან გამომდინარე აუცილებელია მაღალი სიზუსტე და ხარისხი. ძველი პროტოტიპებისგან განსხვავებით, ახლა უკვე ხის ფანერებს ლაზერული აპარატით ვჭრით, ვფარავთ ეკოლოგიური მასალით. სპეციალურად ამ მოდელებისთვის შევქმენით ჩანთის დიზაინიც. ყველაფერი ეს ქმნის ,,დაჯეს”, რომელიც ქართულ ბაზარზე პირველი პარტიით სულ მალე გამოჩნდება.”
მისი თქმით, სამომავლო გეგმა ონლაინ მაღაზიის შექმნა და სხვადასხვა სახეობის მათივე დამზადებული პროდუქტის მთელ საქართველოში გაყიდვაა.
„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვიყენებთ ეკოლოგიურად სუფთა მასალას, უნიკალური პრინციპის დახმარებით კი არ გვჭირდება ბასრი დეტალების გამოყენება. გადავწყვიტეთ ვაწარმოოთ საბავშვო ავეჯიც. უკვე ვმუშაობთ საბავშვო ბაღებისთვის ავეჯის დიზაინზეც და უახლოეს მომავალში გექნება ეკოლოგიური, კომფორტული, უსაფრთხო პროდუქცია ბავშვებისთვის. ამ იდეით დაინტერესდნენ უცხოეთშიც, ასე რომ არ გამოვრიცხავთ მომავალში საქმიანი ურთიერთობების საქართველოს საზღვრებს გარეთ გაგრძელებასაც”, – აღნიშნავს დავითი.
დავითის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ წარმოებული სკამები ადგილობრივ ბაზარზე ჯერ არ გამოჩენილა, იდეამ და სტარტაპმა ,,დაჯე” სხვადასხვა მსოფლიო ღიარება უკვე მოიპოვა.
„მივიღეთ მონაწილეობა Creative Caucasus-ის მიერ ჩატარებულ კონკურსში CBC Georgia finals, სადაც გავიმარჯვეთ და გავხდით მსოფლიო ფინალისტები. ივლისის ბოლოს საქართველოს სახელით ,,დაჯე” წარსდგება Creative Business Cup global final-ზე დანიაში, სადაც საშუალება გვექნება გავაცნოთ ჩვენი პროდუქცია ინვესტორებს და საერთაშორისო აუდიტორიას. პარალელურად მონაწილეობა მივიღეთ ესტონურ კონკურსში Estonia as a gateway to global business, სადაც მესამე საპრიზო ადგილი დავიკავეთ და მივიღეთ ფინანსური ჯილდოც, რაც დაგვეხმარება ბიზნესის უფრო დიდი მასშტაბებით დაწყებაში.“
უახლოეს მოამავალში გეგმავს პროდუქციის რაოდენობის და ნაირსახეობის გაზრდას. ჯერ-ჯერობით კი მხოლოდ სკამები იქნება გაყიდვაში.