ახალი ამბები

„ევროპულმა საქართველომ“ საწვავზე აქციზის გაუქმების მოთხოვნით საგარეჯოში აქცია-პერფორმანსი გამართა

„ევროპულმა საქართველომ“ საწვავზე აქციზის გაუქმების მოთხოვნით საგარეჯოში აქცია-პერფორმანსი გამართა.

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, პარტიას არ აქვს ილუზია, რომ ივანიშვილის რეჟიმის გამოცვლის გარეშე ქვეყანაში შესაძლებელი იქნება ეკონომიკის გამოცოცხლება, თუმცა საზოგადოებას შეუძლია შეამსუბუქებინოს მასზე წნეხი საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმებით. მისი თქმით, მოქალაქეებმა და აქტიურმა ჯგუფებმა ყველგან უნდა აიძულოს მთავრობა ამ ნაბიჯის გადადგმისაკენ, რაც ყველა ოჯახის შემოსავალზე აისახება.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, საგარეჯოს მსგავსად, „ევროპული საქართველო“ სხვა ქალაქებშიც გააგრძელებს მსგავსი აქცია-პერფორმანსების გამართვას, რათა აიძულოს ხელისუფლება გააუქმოს საწვავზე აქციზის გადასახადი, რაც მის ტარიფს მინიმუმ 40 თეთრით შეამცირებს.

„ჩვენ აქ ჩვენ გუნდთან გვექნება შეხვედრები, ასევე ჩვენ მომხრეებთან. პირველივე რეაქციით, რაც გვქონდა კომუნიკაცია, ვითარება აქაც არის იგივე, რაც მთელ საქართველოში. არის უკიდურესი ეკონომიკური გაჭირვება, ფასების ზრდა და მთავრობა, რომელიც ამ ვითარებაშიც კი სადღეგრძელოების გარდა არაფერს არ ეუბნება საკუთარ მოქალაქეებს, არანაირ ნაბიჯს არ დგამს, რომ შეუმსუბუქოს ეს წნეხი.
ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ივანიშვილის რეჟიმის გამოცვლის გარეშე ქვეყანაში შესაძლებელი იქნება ეკონომიკის გამოცოცხლება, მაგრამ სანამ ეს სამარცხვინო მთავრობა გვყავს, ჩვენ ვალდებული ვართ კონკრეტულ თემებზე ეს მთავრობა შევაწუხოთ და მოქალაქეებს ვუთხრათ რა არის მარტივი და არა პოპულისტური ნაბიჯები, რომლის გადადგმაც შეუძლია ნებისმიერ მთავრობას და რაც უნდა გადადგას მინიმუმ მომავალმა მთავრობამ, რათა შეუმსუბუქოს წნეხი.
ამის კონკრეტული მაგალითი გვაქვს, საწავავის ფასი, რომელიც დღეს საერთაშორისო ფასებით არ არის ძალიან მაღალი, მაგრამ ჩვენთან გაიზარდა მაინც ლარის კურსის გამო და აისახება ყველაფერის ფასზე, ყველა პროდუქტის ფასზე. ამ დროს მთავრობა იძახის, რომ ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთო, მაგრამ არის მარტივი ინსტრუმენტი ჩვენ ხელში, ჩვენი მთავრობის ხელში, ეს არის გადასახადი აქციზის, რომელიც გაზარდა „ქართულმა ოცნებამ“ და დღემდე უტიფრად უარს აცხადებს მის შემცირებაზე.
ამ საკითხზე და მსგავს საკითხებზე, ჩვენმა მოქალაქეებმა და აქტიურმა ჯგუფებმა მთავრობა ყველგან უნდა შეაწუხოს და დღეს ეხლა აქ, ერთი პატარა ნაბიჯი გვექნება, ოღონდ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, თუ მოვახერხებთ და სანამ მთავრობაში არიან და გავაგდებინეთ ყვავს კაკალი, რომ ეს აქციზი შევამცირებინოთ და გავაუქმებინოთ, ეს ყველა ოჯახის შემოსავალზე აისახება.
მომავალში კი ჩვენ გვჭირდება დრამატულად დაწევა გადასახადების, რათა ადამიანებს ნაკლები ფული წაართვას მთავრობამ ბიუროკრატიის, ნეპოტიზმისათვისა და კორუფციისათვის“, –
განაცხადა ბოკერიამ.