FAO – ქართული ჩურჩხელა შესაძლოა, მსოფლიოში მოთხოვნადი და მოდური პროდუქტი გახდეს
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საინვესტიციო განყოფილების ეკონომისტის ანდრი იარმაკის ინფორმაციით, შესაძლოა ქართული ჩურჩხელა მთელ მსოფლიოში მოთხოვნადი და მოდური პროდუქტი გახდეს.
მისი განცხადებით, მზარდი გლობალური კონკურენციის საფრთხეებს საქართველო თხილის განდამზადებული პროდუქტებით უნდა ებრძოლოს ანუ პროდუქტებში გამოყენებულ თხილს დამატებითი ღირებულება მიენიჭოს და ასევე, უნდა განვითარდეს თხილის გადამუშავება. ექსპერტი ამის საუკეთესო საშუალებად ქართულ ჩურჩხელას ასახელებს.
„საკონდიტრო დარგში ქართული ტრადიციული ჩურჩხელა ჯანსაღი პროდუქტის კონცეფციას მთლიანად შეესაბამება და სწორი განვითარების პირობებში შესაძლოა, მთელ მსოფლიოში მოთხოვნადი და მოდური პროდუქტი გახდეს. მით უმეტეს, ევროპისა და აშშ-ს სუპერმარკეტების ქსელი სულ უფრო მეტ ჯანსაღ საკვებს ეძებს და მსოფლიოში ჯანსაღი კვების ტენდენცია მზარდია.
საერთაშორისო დონეზე გეოგრაფიული სახელწოდებით დაცული პროდუქტის სახით, ჩურჩხელის სათანადო დარეგისტრირება და პოპულარიზაცია უნდ მოხდეს. ასე რომ, სრულებით შესაძლებელია ჩურჩხელის კარგად გაპიარება, რათა მსოფლიოში მოდური გახდეს და მასზე კარგი ფული კეთდებოდეს,“ – აცხადებს გაეროს ექსპერტი.