ახალი ამბები

სოფელ იორმუღანლოში დაპირისპირება მოხდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრები სახმატ ჰუსეინოვი, ჯერჯერობით დაუდგენელ პირებს, მისთვის ფულის გამოძალვის მცდელობაში ადანაშაულებს.

ჰუსეინოვის ინფორმაციით, წუხელ გვიან ღამით მისი ოჯახის მფლობელობაში არსებულ ბენზინგასამართ სადგურზე უცნობი პირი მივიდა და ფულს სთხოვდა.

“არ ვიცნობ ვინ არის, მხოლოდ ის ვიცი, რომ თემური ჰქვია. გუშინ საღამოს მოვიდა ჩემს ობიექტზე და ფულს მთხოვდა, თანხა არ დაუკონკრეტებია. ფიზიკური შეხლა – შემოხლაც მოგვიხდა და ჩემს ძმას ხელი აქვს მოტეხილი. ჯერ ეს ბიჭი მოვიდა და მერე მოჰყვნენ მანქანით სხვები. ახლა გავიგე, რომ ვინც ჩვენთან პირველი მოვიდა, ძმა პოლიციელი ჰყავს. თუმცა, ვინ არის და რა თანამდებობა უკავია არ ვიცი”-
ამბობს სახმატ ჰუსეინოვი.

მამაკაცი საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.