თუშეთში ბიოსფერული რეზერვატი დაარსდება
ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში ბიოსფერული რეზერვატის შექმნა იგეგმება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ განაცხადა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც ერთდროულად ორი ბიოსფერული რეზერვატი დაარსდება.
„საქართველოში იქმნება ბიოსფერული რეზერვატები, რომლებიც ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული თანაცხოვრების საფუძველია და საშუალებას იძლევა, ეკოტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების პოტენციალი მაქსიმალურად სწორად გამოვიყენოთ. ეს ყოველივე კი, აისახება ადგილობრივი მაცხოვრებლების კეთილდღეობაზე, მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე, რაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი უპირველესი მიზანია. საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც ერთდროულად ორი ბიოსფერული რეზერვატი დაარსდება: სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი თუშეთში და დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მიხეილ ზუკოვის ფონდთან და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან (REC Caucasus) პარტნიორობით, ასევე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს „თუშეთის ბიოსფერული რეზერვატის დაარსება აღმოსავლეთ საქართველოს კლიმატურად მოწყვლად რეგიონში, კახეთში – დოკუმენტის მომზადება ნომინაციისთვის“.