ახალი ამბები

თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გაიხსნა

თუშეთთან დამაკავშირებელი ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა გაიხსნა.

ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზის აღდგენისა და გაწმენდით სამუშაოებს კომპანია შპს „ენერჯი გრუპი“ სამი კვირის განმავლობაში აწარმოებდა.

,,გაიხსნა თუშეთის საავტომობილო გზა და პირველი ავტომობილიც დაბრუნდა სოფელ ომალოდან. გზა კარგადაა გასუფთავებული, არანაირი შეფერხება ავტომანქანებს გადაადგილებაზე არ შეექმნებათ. კომპანია „ენერჯი გრუპი“ მთელი ზაფხულის განმავლობაში იქნება პასუხისმგებელი და იზრუნებს გზის მოწესრიგებაზე“, – განაცხადეს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში.

თუშეთს სოფლები ზღვის დონიდან 1 900-2 400 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ოქტომბრიდან მაისის შუა რიცხვებამდე საავტომობილო გზა იკეტება და კომუნიკაცია მთაში მუდმივად მცხოვრებ 40-მდე კომლთან და მესაზღვრეებთან მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2017 წლიდან ვერტმფრენი როგორც მესაზღვრეებს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას უფასოდ ემსახურება.