ახალი ამბები

თელავში წარმოებული წვენი ყაზახეთსა და ერაყში გაიყიდება

თელავში წარმოებული წვენი ,,ალალი” ყაზახეთსა და ერაყში გაიყიდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ ქართული ნატურალური წვენი პროდუქცია აშშ-ი, კანადასა და უკრაინაში უკვე იყიდება.

კომპანიის დამფუძნებელი გოჩა ღვინეფაძე აცხადებს, რომ ქართული წვენების სატესტო პარტია ყაზახეთსა და ერაყშიც გავიდა.

“ჩვენი პროდუქცია გადის აშშ-ში, კანადასა და უკრაინაში. გარდა ამისა, გავაფორმეთ შეთანხმება და წვენების პირველი პარტია უკვე ჩავიდა ყაზახეთსა და ერაყში. ასევე, გაერთიანებულ ემირატებთან ვაწერთ ხელს ხელშეკრულებას, ჩვენი პარტნიორები აქ არიან და მალე “ალალი” ექსპორტზე ემირატებშიც გავა”, – განაცხადა გოჩა ღვინეფაძემ.

ქართული ნატურალური ხილის წვენების მწარმოებელი კომპანია „აჩინებულის“ საწარმო თელავში მდებარეობს. ის „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა და 2019 წლის ზაფხულიდან ამოქმედდა. საწარმოში ჯამში 2,8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.