ახალი ამბები

საგარეჯოში მოქმედი კომპანია “geofresh” საექსპორტო არეალს აფართოებს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოქმედი კომპანია “geofresh” საექსპორტო არეალს აფართოებს. კომპანია ამ დროისთვის მოცვსა და სატაცურს აწარმოებს.

ისინი განმარტავენ, რომ საგარეჯოში მოცვის კრეფის სეზონი მაისში დაიწყო. კომპანია 55 ტონამდე მოსავალს ელის. როგორც კომპანიის დირექტორის ასისტენტი სალომე ყველიაშვილი აცხადებს, მოსავლის 80%-ის რეალიზებას ქვეყნის საზღვრებს გარეთ ახდენენ, სადაც კილოგრამი მოცვის ღირებულებაა 7 $, ადგილობრივ ბაზარზე კი მათი პროდუქცუა 16-18 ლარად იყიდება.
„აღებული მოსავლის დაახლოებით 80% ექსპორტზე გაგვაქვს, თუმცა ადგილობრივ ბაზარსაც ვამარაგებთ, მოთხოვნის მიხედვით. ჩვენი საექსპორტო პარტნიორი ამ ეტაპზე რუსეთია, თუმცა სარეალიზაციო ბაზრის გაფართოებაზე მუდმივად ვმუშაობთ. შესაბამისად, წელს მოცვს დუბაიშიც გავიტანთ, მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია. ვფიქრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ასევე ქვეყნის ეკონიმიკისა და ბაზრის გაფართოებისთვის“-ამბობს bm.ge-სთან ყველიაშვილი.

„Geofresh“-მა მოცვის წარმოება საგარეჯოში 3 მილიონი ლარის კერძო ინვესტიციით 2016 წელს დაიწყო. პლანტაცია 7 ჰა-ზეა გაშენებული და მოსავლის აღების პერიოდში 200-250-მდე ადამიანს ასაქმებს, კომპანია სატაცურის წარმოებითაც არის დაკავებული.