თელავში, ახმეტასა და საგარეჯოში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 6 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში, ასევე, ანთოკში, მანავსა და ნინოწმინდის მიმდებარედ, მოქალაქეები შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდნენ უკანონოდ მოპოვებული რცხილას, იფნის, წიფლისა და მუხის სახეობის – ჯამში – 9 მ3-მდე მეორე ხარისხის მერქნის ტრანსპორტირებას.
უწყების ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორბალოს მიმდებარედ კი, მოქალაქეებს უკანონოდ გადაჰქონდათ 3 მ3 რცხილასა და 0.5 მ3 აკაციის სახეობის მეორე ხარისხის ხე-ტყე.
,,სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებას გადაეგზავნა”,- განაცხადეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.