სტომატოლოგის მომსახურებაზე ფასები გაიზარდა
სტომატოლოგიური მომსახურების ფასების ზრდა საგრძნობლად შესამჩნევია.
საქსტატის მონაცემებით, ტოპ 10 პროდუქტების სიაში, რომლებზეც 2021 წლის აპრილში ფასები წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ყველაზე მეტად გაიზარდა, მეშვიდე ადგილს სტომატოლოგიური მომსახურება იკავებს. მასზე ფასი 30.8 %-ით არის მომატებული.
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ზურაბ ალხანაშვილმა სტომატოლოგთა მომსახურების ფასების ზრდაზე იასუბრა.
„სტომატოლოგიური სერვისების გაძვირებასთან დაკავშირებით შეგვიძლია 2 ძირითადი კომპონენტი გამოვყოთ. პირველი ტრადიციული ფასების ზრდა, რომელიც ნებისმიერ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულ მიმართულებას ახლავს, რადგან ტექნოლოგია მუდმივად განახლების პროცესშია და ეს სერვისს აძვირებს.
მეორე კომპონენტი მსოფლიოში არსებულ მოვლენებს უკავშირდება, საჭირო იმპორტირებული მასალა, რომელიც ყოველთვიურად შემოდის, ლარის გაუფასურების გამო ძვირდება. შესაბამისად, სტომატოლოგიურ კლინიკებს არსებობისთვის სერვისზე ღირებულების მომატება უწევთ.
კოვიდი იქნება თუ არა ჩვენ ვერ შევაჩერებთ ფასების იმ ნიშნულამდე მისვლას, რაც დასავლეთსა და ევროპაშია, რადგან საქართველოს კლინიკებში იგივე ტექნოლოგიები გამოიყენება, რაც იმ ქვეყნებში. შესაბამისად, მომსახურების თვითღირებულება ერთი და იგივეა. დროის დადგენა რთულია, თუმცა, ჩვენს ქვეყანაში სტომატოლოგიური მომსახურების ფასები დასავლეთსა და ევროპაში არსებულს გაუთანაბრდება“ – განაცხადა ალხანაშვილმა