უცხოურ ბაზარზე საგარეჯოში წარმოებულ სატაცურზე მოთხოვნა გაიზარდა
უცხოურ ბაზარზე საგარეჯოში წარმოებულ სატაცურზე მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ მოთხოვნას ვერ ვაკმაყოფილებთ- აცხადებს კომპანია “geofresh”-ის დირექტორის ასისტენტი სალომე ყველიაშვილი.
მისი თქმით, კომპანიამ სატაცურის წარმოება, დაახლოებით, 1 მლნ ინვესტიციით 2016 წელს საგარეჯოში 13 ჰა მიწაზე დაიწყო. კომპანია პროდუქტის რეალიზებას ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე ახდენს. მისივე თქმით, სატაცურის გარდა მოცვსაც აწარმოებს და მოსავლის აღების პერიოდში 50 ადამიანს ასაქმებს.
სალომე ყველიაშვილი „forbes კვირასთან“ ყვება, რომ სატაცურის მოთხოვნა და ფასი, როგორც უცხოურ, ასევე ადგლობრივ ბაზარზე გაზრდილია.
„მოსავლის მოცულობის გაზრდას მოთხოვნის შესაბამისად ვცდილობთ, 2020 წელს 12 ტონა სატაცურის მოსავალი მივიღეთ, წელს უკვე 25 ტონა მოსავალს ველოდებით. მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ უცხოურ ბაზარს ბოლომდე ვერ ვაკმაყოფილებთ.
ქართველმა მომხმარებელმაც სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე სატაცური კარგად აითვისა. რაც შეეხება ფასს, ნამდვილად მზარდია, ჩვენს სატაცურს უცხოურ პარტნიორებს 6-7 დოლარად, ხოლო ქართულ ბაზარს 15-16 ლარად ვაწვდით, რაც 2020 წელთან შედარებით 2-3 დოლარით და 2-3 ლარით მეტია.
ეს ნაწილობრივ პანდემიასთანაა კავშირში, რადგან ფასების დაკლება მოგვიწია. ვფიქრობ, პროდუქტს ახლა უფრო რეალური ღირებულება აქვს“ – აცხადებენ კომპანიაში.