თელავის ბაზრის მფლობელი ხელისუფლებას სავაჭრო ობიექტის წართმევის მცდელობაში ადანაშაულებს
თელავის აგრარული ბაზრის მფლობელი, პანკისის ხეობის მკვიდრი ჯაბრაილ ხანგოშვილი ხელისუფლებას მის საკუთრებაში არსებული სავაჭრო ობიექტის წართმევის მცდელობაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, მის წინააღმდეგ წამოწყებული სასამართლო პროცესის უკან, ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან. დღეს ხანგოშვილმა ოჯახის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად, სოფელ დუისში აქცია გამართა და მასზე ზეწოლის შეწყვეტა მოითხოვა.
“ცდილობენ ბაზარი წამართვან. რამდენიმე ყოფილ თანაშრომელს აჩივლინეს და ეხმარებიან სასამართლოში. ჩემი ადვოკატი, დიმიტრი გაბუნიაც კი გადაიბირეს და პროცესზე აღარ გამოცხადდა. მოქალაქეობა შემიწყვიტეს და ბინადრობის უფლება სასამართლოთი მივიღე. მოვითხოვ, შეწყვიტონ ჩემზე ზეწოლა და საკუთრების უკანონო წართმევა “,- განაცხადა ხანგოშვილმა.
თელავის ბაზრის გარშემო სასამართლო დავა 2013 წლიდან მიმდინარეობს. საქმე უკვე განიხილა უზენაესმა სასამართლომ, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ ცნობილი არ არის.
თელავის აგრარული ბაზარი, თავად ჯაბრაილ ხანგოშვილმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, სასამართლო წესით დაიბრუნა.