თელავში მცხოვრები მოქალაქე – ნაყინში მინის ნარჩენები აღმოვაჩინეთ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მცხოვრები თამუნა მაისურაძე ირწმუნება, რომ უბნის ერთ-ერთ მაღაზიაში შეძენილ ნაყინში, რომელიც კომპანია ,,გურჯაანის ნაყინს” ეკუთვნის, მინის და რეზინის ნარჩენები იპოვეს.
ამბავს მომხმარებელი სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ნაყინის მწარმოებელ კომპანიას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
,,ეს ნაყინი წინანდალში უბნის მაღაზიაში ვიყიდეთ, ბავშვი ნაყინს ჭამდა და შევამჩნიე მინის ნატეხი ედო პირში. ძალიან მცირე ზომის ბასრი წვეტიანი შუშებიც იყო და ასევე, რეზინის ნარჩენი. ძალიან შემეშინდა რომ ბავშვს არ ჩაეყლაპა. მაღაზიაშიც ვაჩვენეთ სადაც ნაყინი ვიყიდეთ და იქვე დავუტოვეთ, რომ დისტრიბუტორებისთვის ეჩვენებინა. უნდა დავიცვათ ჩვენი პატარები, ნაყინი ბავშვების საყვარელი საჭმელია”, – აცხადებს Knews.ge-სთან საუბრისას თამუნა მაისურაძე.
knews.ge ,,გურჯაანის ნაყინის” ხელმძღვანელს, გურამ ბერიკაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, კომპანია ნაყინს სრული წესების დაცვით აწარმოებს და პროდუქტის რაიმეთი დაბინძურება შეუძლებელია. მისივე თქმით, კომპანია აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებას დღესვე მოახდენს.
,,წავალ და პირადად გავეცნობი აღნიშნულ სიტუაციას. კომპანიის ხელმძღვანელობა აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებას დღესვე მოახდენს”,– განაცხადა გურამ ბერიკაშვილმა.