თელავში მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს
ქალაქ თელავის ერეკლე II-ის სახელობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და ეკო-კლუბის წევრებმა წინასააღდგომო საქველმოქმედო აქცია სახელწოდებით ,,გადაარჩინე სიცოცხლე” გამართეს.
საქველმოქმედო აქციაზე ეკო-კლუბის წევრებმა სკოლასა და ქალაქში გაყიდეს მათ მიერ დათესილი და გაზრდილი ჯეჯილი. აქციის ორგანიზატორი, ეკო-კლუბის ხელმძღვანელი ნინო ბეჟანიშვილი აცხადებს, რომ შეგროვებული თანხით ისინი დაეხმარებიან ბავშვებს, რომლებსაც ფინანსური დახმარება ესაჭიროებათ.
“ისეთი ცხოვრებაა, რომ გვერდში დგომა ყველას ესაჭიროება, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი აქცია. იდეა ერთი თვის წინ გაგვიჩნდა როდესაც გავიგეთ, რომ ჩვენს თანაქალაქელ ბავშვებს ოპერაციებისთვის თანხით დახმარება ესაჭიროებოდათ. ერეკლე მეორის სახელობის თელავის პირველი საჯარო სკოლის ეკო-კლუბის ბავშვებმა გადაწყვიტეს მათ დასახმარებლად ერთობლივი აქცია გაგვეკეთებინა. დავთესეთ ჯეჯილი და წინა სააღდგომოდ მოვაწყვეთ მისი გაყიდვა, აქცია სკოლის ეზოში და ქალაქში განხორციელდა. ამ საქმეში ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ჩაერთო,(პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები, მოსახლეობა) შევაგროვეთ თანხა, რომელსაც უახლოეს მომავალში ჩავურიცხავთ ბავშვებს. ჩვენი მიზანი იყო და არის ის, რომ ბავშვებმა ისწავლონ თანადგომა, სიყვარული და ერთმანეთის დახმარება. გვინდა, რომ ეს აქცია მაგალითი იყოს ბავშვებისთვის”,-აცხადებს ნინო ბეჟანიშვილი