თელავში დედ-მამისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებული პირი ციხის საავადმყოფოში იმყოფება
თელავში დედ-მამისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა, 27 წლის აკაკი აბრამიშვილი ციხის საავადმყოფოში იმყოფება.
ადვოკატის ლალი ჩაველაშვილის თქმით, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.
მისივე განმარტებით, ჯერ-ჯერობით არ დასრულებულა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქიატრიული ექსპერტიზაც.
” აკაკი აბრამიშვილს უკვე მესამე საავადმყოფო გამოუცვალეს. ციხის ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ მას ექიმების მეთვალყურეობა სჭირდება. ამჟამად არის ციხის საავადმყოფოში და საჭირო პრეპარატებს მედიკოსების დანიშნულებით იღებს. ამ ეტაპზე არ მოგვსვლია ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაც, რომელმაც მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის თაობაზე უნდა იმსჯელოს. ბრალდებული კვლავ დუმილის უფლებას იყენებს და ვერ გეტყვით, ბოლომდე ასე გაგრძელდება, თუ არა”– განაცხადა ჩაველაშვილმა.
თელავის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომას, ბრალდებული დისტანციურად ესწრებოდა. მან საქმის მსაჯულებისათვის განსახილველად გადაცემაზე, უარი განაცხადა. საქმის არსებითი განხილვა კი 1 მაისს დაიწყება.
შეგახსენებთ, მკვლელობა თელავში 7 მარტს მოხდა.
გამოძიების მტკიცებით, 27 წლის ახალგაზრდამ, მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1960 წელს დაბადებულ მამას, 1963 წელს დაბადებულ დედას და 1935 წელს დაბადებულ ბებიას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.
დანაშაული 16- 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.