ახალი ამბები

თელავიდან აშშ-ში წასულმა ახალგაზრდამ მეგობრებთან ერთად ნიუ-ჯერსის შტატში ქართული კერძების მწარმოებელი საწარმო გახსნა

თელავის მუნიციპალიტეტიდან ამერიკაში სასწავლებლად და სამუშაოდ წასულმა ახალგაზრდამ, ერეკლე ხაზიურმა მეგობრებთან ცნობილ შეფ-მზარეულთან მალხაზ მაისაშვილთან და თემურ ცხადაძესთან ერთად ნიუ-ჯერსის შტატში ქართული ტრადიციული კერძების მწარმოებელი საწარმო ,,KARTVELI” გახსნა.

ერეკლე ხაზიური Knews.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ იდეის დამუშავებისას მათ პირველ ეტაპზე შეისწავლეს ბაზარი, აიღეს წარმოების ლიცენზია და მეორე დღეა უკვე საწარმოო პროცესი დაიწყეს.

მისი თქმით, საწარმო ქართულ პროდუქციას აწარმოებს ყველა ამერიკული რეგულაციის გათვალისწინებთ.  ერეკლე ასევე აღნიშნავს, რომ მათ წარმატებით გაიარეს კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა შემოწმება და დღეს კომპანიას აქვს USDA-ს და FDA-ს ლიცენზია, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ამერიკაში მყოფი ყველა ადამიანისთვის მათ მიერ წარმოებული პროდუქცია არის მისაღები და ხელმისაწვდომი.

,,ამ საქმიანობის წამოწყების იდეა დაგვებადა სამ მეგობარს. გვინდოდა, რომ ამერიკაში დაგვეწყო პირველი ქართული წარმოება, რომელიც დააკმაყოფილებდა ყველა მოთხოვნას. მეგობრებმა მალხაზ მაისაშვილმა, რომელიც საკმაოდ ცნობილი შეფ-მზარეულია როგორც საქართველოში ასევე ამერიკაში,  ასევე თემურ ცხადაძემ, რომელიც საქართველოში კვების სფეროში მუშაობდა, აწარმოებდა ტორტებს და მსგავსი სახის ტკბილეულს და მე იდეას ხორცი შევასხით. დიდი მუშაობის, ბაზრის შესწავლის და კვლევის შემდეგ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ქართული პროდუქტების საწარმო, სადაც მოვამზადებდით გაყინული სახით პროდუქციას და შევიტანდით მაღაზიებში. ამით კი ქართული კერძების ცნობადობას გავზრდიდით.

წარმოებაში გვექნება ხინკალი, ხაჭაპური და სხვა ქართული ტრადიციული კერძები. ეს პროდუქტები გვინდა მომხმარებელს ისე მივაწოდოთ, რომ არ დაიკარგოს გემოვნური თვისებები და ფაქტურა იყოს მისაღები. მივიღეთ ასევე USDA-ს და FDA-ს ლიცენზია, რომელიც არის ამერიკის აგროკულტურული დეპარტამენტის და მეთვალყურეობის ქვეშ და პროდუქტს, რომელსაც ეს ჰოლოგრამა ექნება ამერიკელი მომხმარებელი უპრობლემოდ იყიდის, ბევრი კომპანია მიიღებს და შეიტანს თავისი მაღაზიის ქსელში.

საწარმო გავაკეთეთ ნიუ-ჯერსის შტატში, ასევე გვაქვს სადისტრიბუციო კომპანია და პარალელურად ვთანამშრომლობთ რამდენიმე დიდ სადისტრიბუციო კომპანიასთან. ისინი მთელი ამერიკის მასშტაბით მოახდენენ ჩვენი პროდუქტის დისტრიბუციას. გუშინ გვქონდა პირველი საწარმო დღე და შემდეგი კვირიდან სადისტრიბუციო საქმიანობას დავიწყებთ. კომპანიები უკვე გველოდებიან და ერთი სული აქვთ ჩვენი პროდუქცია შეიტანონ მაღაზიებში გასაყიდად’’,– განუცხადა knews.ge-ს ერეკლე ხაზიურმა.

ერეკლე განმარტავს, რომ პროდუქტებს, რომელიც მათ საწარმოში დამზადდება ექნება ისეთი გემო, როგორიც საუკუნეების განმავლობაში მზადდებოდა საქართველოში. მისი თქმით, ეს ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

,,ჩვენი მიზანია სწორი გემოების მოწოდება მოხდეს და სლოგანიც ის არის რომ საუკუნეების ახალი გემო შევთავაზოთ ამერიკელ მომხმარებლებს. მაქსიმალურად ვცდილობთ ყველანაირი გათვლები გავაკეთოთ: ვიმუშავეთ ბრენდზე, ლოგოზე, შეფუთვაზე. გვინდა ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქტი ყველა სტანდარტს აკმაყოფილებდეს და მაგალითად კონკურენციას უწევდეს იტალიურ ლაზანიას, რომელიც აქ იწარმოება. ასევე ჩვენი მიზანია ბაზარზე ადგილი დავიმკვიდროთ სწორად.

ეს ყველაფერი მოხერხდა იმის გათვალისწინებით, რომ სამივე მეგობარი ვანვითარებთ ჩვენს მიმართულებას. ერთი მეგობარი კომპანიის წარმოების მიმართულებას, მეორე კომპანიის და წარმოების მდგრადობას. მე კი ვცდილობ სწორად და მაქსიმალურად მივაწოდოთ მომხმარებელს პროდუქტი. ამ საქმიანობის დაწყება აშშ-ში რთული და სარისკო პროცესია იმდენად, რომ ძალიან ხშირად ეს არის წარუმატებლობის მიზეზი. ეს ყველაფერი იმიტომ შედგა, რომ ჩვენ სამმა მეგობარმა ერთობლივად, პროფესიონალიზმის გათვალისწინებით ამ ყველაფერს ხორცი შევასხით. ერთმანეთის გარეშე ფიზიკურად არ გამოგვივიდოდა არაფერი’’,- განაცხადა knews.ge-სთან საუბრისას ერეკლე ხაზიურმა.

ერეკლე აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია არამხოლოდ კონკრეტული ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელ მომხმარებლებზე იქნება გათვლილი, არამედ ისეთ მყიდველებზე, რომლებიც ქართულ სამზარეულოს ჯერ არ იცნობენ.

,,ჩვენთვის საამაყოა ის რომ მომხმარებელი არ იქნება მხოლოდ ის ეთნიკური ჯგუფი, რომლმაც იცის ხინკალი ან სხვა ქართული ტრადიციული კერძი. ძირითადი გათვლა კეთდება ამერიკულ ბაზარზე და ამერიკელებზე. ისეთ შტატებში ვცდილობთ ჩვენი პროდუქციის გაყიდვას, სადაც არც გაუსინჯავთ ქართული კერძები. სწორედ ამიტომ ვცდილობთ სწორად მივაწოდოთ ჩვენი სერვისი მათ’’,- აღნიშნა ერეკლე ხაზიურმა.

მისი თქმით, კომპანიას სამომავლო გეგმები ბევრი აქვს. პირველ ეტაპზე ისინი გეგმავენ ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრის ათვისებას, ხოლო შემდეგ მთლიანი ევროპის ბაზრის. მეგობრები ასევე გეგმავენ სხვა ქართული პროდუქციის წარმოებას და ამერიკაში პოპულარიზაციას.