მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა
85 წლის ასაკში მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
იგი იყო ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეული მსახიობი. კახი კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი 1950–იან წლებში შედგა. არის საქართველოს სახალხო არტისტი, ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი.
აღსანიშნავი თეატრალური როლებია: ადამი ( „ღვთაებრივი კომედია“ ), თავადი კოწია ( „გუშინდელნი“ ), დევდარიანი ( „საბრალდებო დასკვნა“ ), ილიკო ( „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ ), სიმონ ჩაჩავა ( „კავკასიური ცარცის წრე“ ), ლორდ ჰასტინგსი ( „რიჩარდ III“ ), კენტი ( „მეფე ლირი“ ), რასპუტინი ( „კვაჭი კვაჭანტირაძე“ ), ბატონი დევი („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“).
კახი კავსაძე ყოველთვის იხსენებდა თავის დიდ სიყვარულს, რომელზეც ლეგენდები დღემდე დადის.
“54 წლისა წავიდა ამქვეყნიდან. მაშინ 57 წლის ვიყავი. მას შემდეგ ცალხელა დავდივარ, არა მთლიანი, არამედ – ნახევარი.”-ამბობდა ბატონი კახი.
ახლა კი თან წაიღო მარადისობაში სიყვარული და დიდი ხნის ლოდინის შემდეგ შეხვდება ბელას, რომელსაც ყოველ დღე გულისტკივილით იხსენებდა.
“მერე, კახი? ადამიანები ისე მიდიან ამქვეყნიდან, ერთი დღეც არ გაუხარიათ, შენ კი 25 წელი იცხოვრე ბედნიერმა!.. ვერაფერი ვუპასუხე. მართლაც, მეოთხედი საუკუნე გავატარე, როგორც უბედნიერესმა კაცმა, სიყვარულსა და სრულ ჰარმონიაში. “