თელავში, საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა 14 მაისიდან დაიწყება
თელავში, საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პირველი ეტაპი თელავის რაიონულ სასამართლოში 14 მაისიდან დაიწყება.
ზურაბ საჩიშვილის მკვლელობის საქმე, ბრალდებულისა და მისი ადვოკატების გადაწყვეტილებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უნდა განიხილოს.
გარდა ამისა, მკვლელობაში ბრალდებული პოლიციის მაღალჩინოსნის საქმეზე, კიდევ ერთი მოსამართლის აცილების საკითხი დადგა. თელავის რაიონულ სასამართლოში, ბრალდებული ვანო ზანდარაშვილის ადვოკატი, საქმის განმხილველი მოსამართლის, გრიგოლ ვატიტაძის აცილებას ითხოვდა. დაცვის მხარის განმარტებით, მოსამართლის თანაშემწე, დაზარალებულის ნათესავია, რაც მოსამართლის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს და მისი აცილების საფუძველია.
საქმის განმხილველმა მოსმართლემ, დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აცილებაზე უარი განაცხადა. ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლეს, გრიგოლ ვატიტაძეს, ზანდარაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე, მას შემდეგ დააწერეს, რაც მოსამართლე მამუკა წიკლაურმა, დააკმაყოფილა დაზარალებულის უფლებამონაცვლის, სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა და საქმე აიცილა.
პოლიციის მაღალჩინოსანს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედება, რაც დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, 2020 წლის 25 დეკემბერს მოხდა.
გამოძიების მტკიცებით, თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურაბ საჩიშვილი რამდენიმე გასროლით მოკლა, ერთი პირი კი დაჭრა.