სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭიაური დააზარალა
უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაური დაზარალდა. სტიქიამ მოსახლეობის ნაწილს სასათბურე მეურნეობები დაუზიანა.
ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე ადგილას ქარმა ხე წააქცია, ელექტროგადამცემი ხაზები კი დააზიანა. ასევე ჭიაურში, ძლიერი ქარის შედეგად ორ ოჯახს საცხოვრებელი სახლის სახურავი დაუზიანდა.
ლაგოდეხის მერის, ჯონდო მდივნიშვილის განმარტებით, მუნიციპალიტეტი ინფორმაციას სტიქიის შედეგენის შესახებ ამ დრომდე იღებს, რის შემდეგაც მერიაში მუდმივმოქმედი კომისია ადგილზე ჩავა და ვითარებას დეტალურად შეისწავლის.
შეგახსენებთ, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს, ლაგოდეხში წუხელ ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” თანამშრომელი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დენმა იმ დროს დაარტყა, როცა ის ძლიერი ქარის დროს დაზიანებული კაბელების შეკეთებას ცდილობდა. ელექტროენერგიის დარტყმამ, შოკი გამოიწვია და კომპანიის თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მიზეზად დაუდევრობა სახელდება. მომხდარ ფაქტზე გამოძიება, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.