ლაგოდეხში კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება რამდენიმე დღით გადაიდო
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ლაგოდეხში კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება რამდენიმე დღით გადაიდო.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ტესტირების გადადების მიზეზი, შემთხვევების სწრაფი ზრდის ფონზე, ადგილობრივი მოსახლეობის ტესტირების ცენტრებში გააქტიურება გახდა.
“მას შემდეგ რაც შემთხვევებმა სწრაფი ზრდა დაიწყო და კლასტერები ჩამოყალიბდა, როგორც ჩანს მოსახლეობაში გარკვეული შეშფოთება გაჩნდა. დღეს, დილით, ლაგოდეხში, ტესტირების ჩატარებაზე რიგებიც კი იყო. ამიტომ გადაწყდა, რომ დავაკვირდეთ სიტუაციას და გავამკაცროთ კონტროლი წესების დაცვაზე. ამაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც დაგვეხმარებიან”- განაცხადა ხიზანიშვილმა.
შეგახსენებთ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, შემთხვევების სწრაფი ზრდა 8 აპრილიდან დაიწყო და ის ყაზანის ღვთისმშობლის ტაძრის მრევლის კლასტერს უკავშირდება. დღევანდელი მდგომარეობით, ინფიცირებულია 70 ადამიანი, სტაციონარში მკურნალობს 35 პაციენტი. დაფიქსირებული შემთხვევების უმრავლესობა, ეგრეთ წოდებული ბრიტანული შტამია.